თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული ტყიბულის მუნიციპალიტეტის ახალი გამგებელი რობიზონ გვენეტაძე კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობის შესრულებას დღეს დილიდან ოფიციალურად შეუდგა.

პირველი სამუშაო დღის დაწყებამდე ის მშობლების საფლავზე მივიდა. მან დედის, ტატიანა ბოჭორიშვილის წინაშე, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის ცხოვრებაში ფიცი დადო, რომ მის სახელს არასოდეს შეარცხვენს და მუდამ იღვაწებს ქალაქის საკეთილდღეოდ.

მოგვიანებით რობიზონ გვენეტაძე ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მივიდა, სადაც მან ილოცა და უფალს შემწეობა სთხოვა უაღრესად რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში.

პირდაპირი წესით არჩეული გამგებელი პირველ სამუშაო დღეს სამსახურში მუნიციპალური ტრანსპორტით მივიდა. სამუშაო კაბინეტში, მას ყოფილი გამგებელი თემურ ჩუბინიძე დახვდა, რომელმაც ახალ გამგებელს წარმატებები უსურვა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და მომავალში განსახორციელებელი პროექტები გააცნო და უფლება-მოვალეობები გადააბარა.

რობიზონ გვენეტაძე ამ დღეს ადმინისტრაციულ შენობაში გამგეობის თანამშრომლებსაც შეხვდა. თანამშრომლებს ახალი გამგებელი თემურ ჩუბინიძემ წარუდგინა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც რობიზონ გვენეტაძემ მომავალ გეგმებზე ისაუბრა. მან ადმინისტრაციულ აქტივთან თანამშრომლობის სურვილიც გამოხატა.

ახალმა გამგებელმა, ასევე ნდობისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და ყველა იმ ადამიანს ვინც მასთან ერთად იბრძოდა გამარჯვებისათვის. მათ შორის იმათაც ვინც თვითმმართველობის არჩევნებზე მხარი არ დაუჭირა.

 

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *