<p>ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ნოე ქინქლაძე ტყიბულელ პენსიონერებს შეხვდნენ.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ. შეკრება ტყიბულის საქალაქო ცენტრში გაიმართა, სადაც სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი პენსიონერებს ეგრეთწოდებული რეგრესის პენსიის დანიშვნის დეტალებზე ესაუბრა.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის 45 დადგენილებით განისაზღვრა დახმარების მიმღებ პირთა წრე, ასევე შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც განიხილავს თითოეული დაზარალებული პირის განცხადებას და მიიღებს გადაწყვეყილებას პენსიის დანიშვნის თაობაზე. ტყიბულის მუნიციპალიტეტში სულ ხუთასამდე რეგრესის პენსიონერია, ამ დროისათვი ორასამდე განცხადებაა დაკმაყოფილებული და ეტაპობრივად დანარჩენიც დაკმაყოფილდება. სამოცამდე პენსიონერს პენსიის დანიშვნის შესაბამისი დოკუმენტი შეხვედრაზე სიმბოლურად უშუალოდ დარბაზში გადაეცათ.

დახმარება გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, რომელთაც 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვთ პროფესიული დაავადება დამსაქმებლის ბრალეულობით. აღნიშნული პირები დასაქმებული უნდა ყოფილიყვნენ სახელმწიფო 100%-ანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ დაწესებულებებში, რომლებიც ლიკვიდირებულ იქნა და არ ჰყავთ უფლებამონაცვლე. შეგახსენებთ, რომ რეგრესის პენსიის გაცემა პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე 2007 წლიდან იყო გაუქმებული.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა და ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პენსიონერთა კითხვებსაც უპასუხეს. შეკრებაზე მოწვეულ პენსიონერთა უმეტესობა ყოფილი მეშახტეები იყვნენ, რომლებმაც თავის დროზე საწარმოო ტრამვები მიიღეს.

რეგრესის პენსიებზე 2013 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 2,5 მილიონი ლარი და მისი გაცემა 25 აპრილს დაიწყო.

ელისო ჭანტურიძე