“მინდა სიცოცხლის ხიდზე დიდხანს, ძალიან დიდხანს იარონ ჩემი საყვარელი ქალაქის ადამიანებმა”

“დილაა.. ბუნება მრისხანებს.. ძალიან ცივა.. ქარი, წვიმა და ახლადაყვავებული ტყემლის თეთრი, მოფარფატე პაწია ყვავილები უმწეოდ აწყდებიან ფანჯრის მინებს. დიდხანს ვუცქირე საცოდავ ყვავილებს ყუნწებიანად, რომ დაფარფატებდნენ ჰაერში და შემეცოდნენ, ადამიანების სიცოცხლეს შევადარე ისინი.. სახელებიც დავარქვი თითოეულს. მერე მათი ცხოვრებაც გავიხსენე და სულში ტკივილი ვიგრძენი.

ეს ადამიანები წლების წინ ჩემს მშობლიურ ქალაქში ცხოვრობდნენ.. როგორ მიყვარდნენ.. ამ ქალაქში ხომ ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველა ერთმანეთის ჭირისუფალია, ერთმანეთით ცხოვრობს, ერთმანეთი სტკივათ და უხარიათ, ჩემი ქალაქი ხომ სიყვარულის, სიცოცხლის, ოცნებების, ღიმილისა და თანაგრძნობის ქალაქია. ასეთი სხვაგან არ არის. ეს მხოლოდ ესაა და იგი ჩემი გულის საუფლოა. ჩემი ბავშვობის, ჩემი ლამაზი ოცნებების და დიდი სიყვარულის ქალაქია.”

ეს ფრაზები ამოვიკითხე იმ ქალბატონის ჩანაწერებიდან რომელიც ტყიბულსა და ტყიბულელებზე უზომოდაა შეყვარებული. “მთელი ჩემი ცხოვრების ლამაზად განვლილი წლები მხოლოდ ჩემს უსაყვარლეს და ულამაზეს ქალაქთანაა დაკავშირებული. ეს წლები ჩემი სულის და სიცოცხლის ყველაზე თბილი და საყვარელი მოგონებებია, ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრეა”.

უნდა დაიწვა, რომ გაანათო.ვიცოდი ეს და პროფესიისადმი დიდი სიყვარულით, თბილი გულით და კეთილი ღიმილით, შრომისმოყვარეობით და თავგანწირვით, საქმისადმი ერთგულებით ვცდილობდი ადამიანების სიყვარულის და პატივისცემის დამსახურებას"_ ამბობს ის.

მან თავისი შრომისმოყვარეობით, მიზანსწრაფულობით, თავის საქმისადმი უდიდესი სიყვარულითა და ერთგულებით მართლაც შეძლო თავი შეეყვარებინა ტყიბულისა და ტყიბულელებისთვის. ყველასათვის საყვარელ, უნიჭიერეს, სიცოცხლით სავსე, ულამაზეს პიროვნებასა და ადამიანს, ხელოვანს, შემოქმედს, მსახიობს, ქალბატონ ლია ნემსიწვერიძეს ახლახანს 60 წელი შეუსრულდა.

ჩვენ მას სახლში ვეწვიეთ და შევეცადეთ კიდევ ერთხელ გადაგვევლო თვალი მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისათვის. ქალბატონი ლია სიამოვნებით დაგვთანხმდა გაეხსენებინა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები.

`ცხოვრება ის დღეები როდია რომლებიც წავიდა, არამედ ისინია რომლებიც დაგვამახსოვრდა.~ მე ბედნიერი ვარ, რომ ძალიან ბევრი დღე დამამახსოვრდა ცხოვრებაში, და ყველა ეს დღე მხოლოდ ტყიბულთანაა დაკავშირებული. _ აღნიშნა მან.

`დაიბადა 1953 წლის 19 თებერვალს ქ. ტყიბულში. #1 საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში კულტურულ_საგანმანათლებლო ფაკულტეტზე ორგანიზატორ_მეთოდისტის სპეციალობით, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა.

_ `ბავშვობიდანვე მიყვარდა საეკლესიო ლიტერატურის კითხვა და ვცდილობდი მეცხოვრა სიკეთით, სიმართლით და მოყვასის სიყვარულით. უფლის სამსახურში დოგმა ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ვალია. ეკლესია – ტაძარი კი სულის ემბაზი. ამიტომაც ჩავაბარე ქ. ქუთაისის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სასწავლებელში და მომენიჭა საღვთო სჯულის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

ამისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ტყიბულელის უსაყვარლეს მოძღვარს, მიტროპოლიტს _ Aანანიას, იგი პირველი მოძღვარი და სულის გამნათებელი იყო ჩემი. შემდეგ კი ჩემი მეუფე კალისტრატე.

Scan_10002

დიდი გაჭირვების დროს როდესაც მეუღლე გარდამეცვალა და ორი მცირეწლოვანი შვილი _ ალა და გიორგი დამრჩა გასაზრდელი, უმალ ჩემს მშობლიურ ქალაქს მივაშურე. იქ ცხოვობდნენ ჩემი გამზრდელი ბებია – ბაბუა. თამარ თოდაძე და გრიშა ბოჭორიშვილი. იქ მყავდა ჩემი ბებიის ძმა პავლე თოდაძე, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემი კარგ ხელოვანად ჩამოყალიბებაში.

იქ შევიძინე უამრავი თბილი და გულისხმიერი სამეგობრო წრე: რეზო ქარქაშაძე, ზაალ გოგილიძე, ვახტანგ ბუაძე, რეზო ჟორჟოლიანი, ელგუჯა ჭლიკაძე, იზო ჯაფარიძე, ჩემი გულნაზი გოქაძე და სხვები. დღეს ისინი აღარ არიან და მე პირნათელი მივალ მათთან რამეთუ ყოველთვის ტაძარში შესვლისას ვლოცულობ მათი სულებისათვის.

ჩემს ტყიბულელებთან ერთად ძალიან მინდა მოვაწყოთ მათი გახსენების საღამო, მოვიძიოთ ქალაქის ყველა ღირსეული ადამიანი, ხელოვანი, სპორტსმენი, მსახიობი, მეშახტე, ექიმი, ხალხი რომლებიც ცხოვრობდნენ და ემსახურებოდნენ ქალაქს და კიდევ ერთხელ მივაგოთ მათ პატივი.

`ჩემი თაობა მოგეხსენებათ წიგნის თაობა იყო.~ _ იხსენებს ქალბატონი ლია. ხშირად იმართებოდა პოეზიის საღამოები. ვწერდი სცენარებს, მიმყავდა ღონისძიებები, ვმონაწილეობდი სპექტაკლებში _ `თეატრი ხომ ადამიანის სულიერი ცხოვრებაა~. `

იყო მსახიობი ნიშნავს იყო ადამიანი, რომელმაც შენი ხელოვნებით, შენი საქმით, შენი არსებობით თავი უნდა შეაყვარო მაყურებელს, გახდე მისგან პატივისცემის ღირსი.

ღვთის რწმენით გაჯერებულს არასოდეს მიყვარდა საკუთარი თავის წარმოჩენა. თავს არავის ვახვევდი საკუთარ ღირსებებს. ჩემს გაწეულ ღვაწლსა და შრომას.

არასოდეს ვირჩევდი როლებს, მიყვარდა ჩემს საყვარელ რეჟისორებთან მუშაობა, რომელთა ხელში თითქმის გავიზარდე, როგორც პროფესიონალი: გავიხსენებ პიესებს რომლებშიც მთავარი როლი მითამაშია თუმცა ყველას ვერ ჩამოვთვლი: `

სიხარულის ცრემლები~, ავტორი და რეჟისორი პავლე თოდაძე. `მეშახტეთა ღიმილი~, ა. ჩხაიძე. `დიდი ზარი~, რეჟისორი ლევან კუპრაშვილი. ს. ბოკერია `დალი~, რეჟისორი რ. ჟორჟოლიანი. პ. თოდაძე `გამოძიება შეწყვეტილია~ რეჟისორი  პავლე თოდაძე. ა. ჩხეიძე `შთამომავლობა~ რეჟისორი ლ.კუპრაშვილი. მოწვეული იქნა საქართველოს დამსახურებული არტისტი გივი ბერიკაშვილი ბონდოს როლზე და ეს ყველა ჩვენგანისთვის უდიდესი პატივი და სიამაყე იყო. ასევე, კ. ბუაჩიძე `პროვინციელი ქალიშვილი~ რეჯისორი რეზო ჟორჟოლიანი. `ღალატი~ რეჟისორი იუზა დოხნაძე. ჩემი ყველაზე საყვარელი პიესა იყო `ფრთხილად სასიკვდილოა~ რეჟისორი რეზო ჟორჟოლიანი.

ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ტყიბულის კულტურის ცენტრის შენობის ჭერის ჩამონგრევა იყო.

დიდთოვლობის გამო მთლიანად დაზიანდა სცენა. იმ პერიოდში ამირჩიეს კულტურის ცენტრის დირექტორად და დაიწყო ჩემი ბრძოლა და მუხლჩაუხრელი შრომა სცენის აღდგენისათვის. კულტურის ცენტრში მუშაობა მაინც არშეგვინელებია.

ავანსცენაზე დავდგით ჩემი უსაყვარლესი პიესა მ. ბარათაშვილის `ფრთხილად სასიკვდილოა~ რეზო ჟორჟოლიანის რეჟისორობით. მახსოვს უამრავი ხალხი დარბაზში, ჩემი საყვარელი მსახიობები, ჩემი შვილი – პიესაში უნიჭიერესი მოსწავლე და ხელოვანი თეა მდივანი, ასევე ლევანი სოფრომაძე და კახა თურმანიძე. მაშინ ეზიარა სცენას ჩვენი გიორგი სულაძე, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მისი პროფესიის არჩევაში.

1999 წლიდან ვმუშაობდი ქ. ქუთაისის 21-ე მოტომრბოლელი ბრიგადის კლუბის უფროსად.

მუდამ ვიცოდი, რომ ქვეყნის სიძლიერეს არმია განაპირობებს. ეს არამარტო დისციპლინაზე, სამხედრო წრთვნასა და შეიარაღებაზეა დამოკიდებული, არამედ ჯარისკაცის იდეურ და სულიერ აღზრდაზეც. თანამედროვე არმიაში განსაკუთრებული როლი ენიჭება აღმზრდელობით მუშაობას. `

მებრძოლი _ ზნეობრივი პიროვნება~ _ აი, ეს მიზანი დავისახე და მისვლისთანავე ვეცადე ჩემს ირგვლივ შემომეკრიბა ხელოვანი ოფიცრები და ჯარისკაცები. შევქმენი სხვადასხვა წრეები. ვოკალური, მხატვრული კითხვის, პოეზიის მოყვარულთა, ჯარისკაცებმა სურვილი გამოთქვეს ჩამოგვეყალიბებინა თოჯინების თეატრი და თოჯინების ენით გადმოგვეცა ყველა ის საჭირბოროტო და მტკივნეული საკითხი რაც იმ დროს ქართულ ჯარში ხდებოდა.

შედეგმაც არ დააყოვნა, თბილისში, როცა ოფიცერთა და ჯარისკაცთა შენაერთების მხატვრული თვითმოქმედთა კოლექტივების დათვალიერება – კონკურსი მიმდინარეობდა ჩემმა თოჯინებმა _ 21-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა პრიზი – `მაყურებელთა სიმპათია და ოვაციები~ დავიმსახურეთ. I ადგილიც დავიკავეთ და ფასიანი საჩუქარიც გადმოგვცეს, რომელიც მაშინ დასავლეთ ოპერატიული მიმართულების სარდალს _ ბატონ კობა კობალაძეს გადავეცით.

Copy of lia2

ყველა ღონისძიებაში, რომელიც ჩემი მოღვაწეობის პერიოდში ქართულ ჯარში ტარდებოდა, _ შეხვედრები ოფიცერთა ოჯახებთან, ქართული ჯარის იუბილეები, თემატური საღამოები, ღირსშესანიშნავი თარიღები,  პოეზიისა და სიმღერის კონკურსები _ დიდი მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდებოდა.

დღესაც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი საშუალებით მადლობა გადავუხადო 21 ბრიგადის ყოფილ მეთაურს აღმზრდელობით დარგში პოლკოვნიკ რეზო ფურცხვანიძეს და ბრიგადის მაშინდელ მეთაურს, გენერალ კობა ლაჭყეპიანს, დასავლეთ ოპერატიული მიმართულების სარდლებს: მალხაზ ჩიხლაძეს და მიშა სადუნიშვილს, ოფიცერთა მთლიან შემადგენლობას, ჯარისკაცებს, ვინც საბრძოლო წესდების დაუფლებასთან ერთად ხალისით ღებულობდნენ მონაწილეობას ქუთაისის გარნიზონის ოფიცერთა სახლში გამართულ ყველა ღონისძიებაში.

ქართული ჯარი _ ჩემი მეორე სიცოცხლეა, თეატრის შემდეგ. თეატრში შეძენილი გულის სითბო, სიყვარული და პატივისცემა, გულისხმიერება და ღირსება ძალიან დამეხმარა ქართულ ჯარში წარმატებული მუშაობისათვის, ვფიქრობ ჩემი მცირეოდენი წვლილი შევიტანე და გავულამაზე დღეები ჩემს სამშობლოს დამცველ ადამიანებს, გმირებს.

ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე იყო ჩემს ცხოვრებაში როდესაც ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცი ოჯახში მივასვენეთ და მშობლებს ვანუგეშებდით. ყველაზე დასამახსოვრებელი დღე კი, თბილისში ოლიმპიადაზე გამარჯვება იყო და ჯარისკაცებში რწმენის და იმედის გაცოცხლება სიმართლისა და პატიოსნებისადმი. მიცემული ჩემი სიტყვის და პირობის შესრულება მათთან, რამაც გამიადვილა შემდგომი მუშაობა.
ჯარში რეორგანიზაციის შემდეგ საკუთარ სოფელში ცაგერის რაიონის სოფელ ტვიშში დავიწყე მუშაობა ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლად. ძალიან დიდი სიყვარული, დიდი სითბო და უდიდესი პატივისცემა მაკავშირებს ჩემს სკოლასთან. სკოლის დირექტორ, დარეჯან ლაკვეხელიანთან, ყველა პედაგოგთან და თითოეულ მოსწავლესთან.

ბევრი შესანიშნავი, უნიკალური ნიჭისა და მონაცემების ბავშვი ცხოვრობს სოფლებში, ასე იყო ჩემს სოფელშიც. ჩამოვაყალიბე მხატვრული თვითმოქმედი კოლექტივი. თოჯინების თეატრი მაშინ პირველად ნახეს სოფლის ბავშვებმა.

ბევრჯერ გავიმარჯვეთ რაიონის მხატვრული თვითმოქმედი კოლექტივების დათვალიერებაზე. I ადგილი დავიმსახურეთ და ყველაზე ნიჭიერი მოსწავლეები კი ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

მინდა გავიხსენო ჩვენი უდიდესი სიხარული _ როდესაც, გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო თბილისში გამართულ სასკოლო ოლიმპიადაზე და ჟიურის დიდი მოწონება დავიმსახურეთ. იქიდან საპატიო სიგელებით წამოვედით. ეს იყო სოფლის ბავშვების და მშობლების უდიდესი სიხარული, სხვა უამრავი სიხარული და ლამაზი დღეები იყო ჩვენთვის ექსკურსიები: ბეთანია, ალავერდი, ვარძია, და კიდევ უამრავი სიწმინდეები რომლებიც ვნახეთ და მოვილოცეთ.

ეს დღეები, ჩემი სოფლის სკოლაში გატარებული თითოეული დღე, ჩემი პედაგოგიური კოლექტივი ჩემი _ მესამე სიცოცხლეა, ძალიან სამახსოვრო თბილი და ტკბილად მოსაგონარი..

ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე ხომ ადამიანების სიყვარული, მოკითხვა და ღიმილიანი სალამია. წარმოიდგინეთ რა მდიდარი ვარ, რა ბედნიერი, რომ არა 2012 წლის 1 აგვისტო. 6 თვეა ჩემს თვალზე ცრემლი არ შემშრალა, დამეღუპა 26 წლის ძმის შვილი, სულიერად და ფიზიკურად ლამაზი, თბილი, მოსიყვარულე, ალალი, კეთილი ვაჟკაცი. დარჩა 3 თვის მათე და 20 წლის მეუღლე ცირა. ჩემს ოჯახში ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება ჩემს სულს.

Scan_10004

მყავს ორი შვილი რომლებიც მთელი ჩემი სიმდიდრეა. ალამ, _ ჩემმა ქალიშვილმა ორი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, ბრწყინვალედ ფლობს გერმანულს, რუსულს და ახლა უკვე იტალიურსაც. მუშაობდა საქართველოს ეროვნულ გვარდიაში თარჯიმნად, რეორგანიზაციის შედეგად გაანთავისუფლეს და ამჟამად იტალიაშია.

ჩემმი ვაჟიშვილი, _ გიორგი საქართველოს სამხედრო შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2009 წლამდე. დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი, გახლდათ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, მოიარა ერაყი, დაჯილდოვებულია უამრავი საპატიო სიგელით. ფეხის ტკივილის გამო თავი დაანება ჯარში მსახურს.

გიორგის ჰყავს ტყიბულელი მეუღლე ნატო კირკიტაძე, რამაც ძალიან გამახარა, ძალიან მინდოდა ჩემი რძალი ჩემი საყვარელი ქალაქიდან ყოფილიყო. იგი ძალიან კარგი და ღირსეული ოჯახის შვილია. ახლადდაქორწინებულები არიან და შვილი ჯერ არ შეძენიათ.

მყავს ერთი შვილიშვილი ენრიკო ჯინჭარაძე, ალას შვილი. სკოლა დაამთავრა და ახლა სტუდენტია, ამჟამად თბილისში ვცხოვრობთ. ჩემი მეუღლე 1980 წელს ავტოავარიაში გარდაიცვალა.
ადამიანის ცხოვრებაში მუდამ არის ტკბილ_მწარე მოგონებები, გამონაკლისი არც მე გახლდით.. კურიოზებიც ბევრი იყო ჩემს ცხოვრებაში, გამოვყოფ რამოდენიმეს: _ თეატრში `ფრთხილად სასიკვდილოა~ მე ვარ ელგუჯა ჭლიკაძის (მსახიობი) მეუღლე. სცენარი ვითარდება ესე: ვერ შევეწყვეთ სულიერად მე და ჩემი მეუღლე და გავიჩინე საყვარელი გია საყვარელიძე (მსახიობი), ამჟამად თბილისშია. ელგუჯა იყო მაღალი, ტანადი, წარმოსადეგი და პიესაში ყველანაირად ღირსეული ადამიანი. გია კი მასთან შედარებით სუსტი, უსუსური და უსახსრო.

ჩვენ გვქონდა პიესაში ინტიმური სცენები, რასაც შეესწრება ჩემი შვილები, მეუღლე. მაქვს კამათი მეუღლესთან, ძალიან მწარედ განიცდიან ამ ყველაფერს ბავშვები, ვცილდები მეუღლეს და გადავდივარ საცხოვრებლად საყვარელთან. ბავშვები არ მომყვებიან, შემდეგ გიასთან ცივდება ურთიერთობები და მინდა ისევ დავუბრუნდე ოჯახს, ამის ნიადაგზე ჩემი გოგონა ავადდება და კვდება. (ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური სცენებია) მე კი აივნიდან გადავხტები და თავს ვიკლავ.
სპექტაკლი ბრწყინვალე გამოვიდა, ტაში, ოვაციები, ცრემლები, ტიროდა მაყურებელი, მოსალოცად ამოდიოდნენ სცენაზე (მაშინ სცენის ძირითადი ნაწილი დიდთოვლობის გამო დანგრეული იყო).

ამ პიესაში სხვებთან ერთად მონაწილეობდა ჩემი საყვარელი ადამიანი, მაშინ მოსწავლე იყო გიორგი სულაძე. სოფელ საწირიდან დადიოდა რეპეტიციებზე, უაღრესად კეთილსინდისიერი და კულტურული ყმაწვილი. მიხარია, რომ მცირეოდენი წვლილი მეც შევიტანე მის პროფესიულ არჩევანში.
კულისებში გავედი ერთი წამით, ცრემლები მომეძალა და გავერიდე, წამით, ვხედავ ერთი ქალბატონი თვალცრემლიანი, გაბრაზებული სახით მეუბნება: _ შენ გიცდი ქალბატონო, შე ბოზო და გათახსირებულო, შვილი ხო მოკალი, ქალი რომ ამნაირ ქმარს და ოჯახს მიატოვებს დ იმ `ჭლექიანს~გაეკიდება (არ მიწყენს გია საყვარელიძე, `იმ ქალის~ ნათქვამია) რა ჰქვია ამნაირ ქალს, შენნაირებმა არ გაიხარა ამ ქვეყანაზე, დასაწყვეტები ხართ ყველა, შენ ტაშს არ დაგიკრავ.. მე უკვე ვეღარ ვისმენდი ისე ცუდად გავხდი, გამოვიდა რეჟისორი საწყალი რეზო ჟორჟოლიანი, ელგუჯა ჭლიკაძე ახლაც თვალწინ მიდგას და ის ქალი, ესენი რას უხსნიდნენ ისიც აღარ მახსოვს ისე ჩამამწარა იმ დღეს სიხარული იმ ქალბატონმა.

გავიგეთ, სოფელ ძიროვნიდან გახლდათ ის ქალბატონი, სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, შემდეგ შემირიგდა მაგრამ დღესაც ვფიქრობ იმ ერთი ადამიანის თვალში დავმარცხდი თუ გავიმარჯვე. მას შემდეგ სულ მძულდა უარყოფითი პერსონაჟების განსახიერება.
საერთოდ ცხოვრებაში სულ ვხელმძღვანელობდი და ხშირად ვკითხულობდი დეილ კარნეგის წიგნს `როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვიმხროთ ადამიანები~. დღესაც ჩემი ერთ-ერთი სამაგიდო წიგნია. კითხვა ძალიან მიყვარდა და ასე ვარ დღესაც. ყოველთვის ვიტოვებ დროს წიგნისათვის.

ზოგჯერ ძალიან, რომ შემომაწვება სევდა ინსტრუმენტთან ვჯდები და ვუკრავ, მუსიკალური განათლებაც ტყიბულში მივიღე ბავშვობაში, ძალიან მიყვარს ჩემი საყვარელი მეგობრები აწ. გარდაცვლილი გულნაზი გოქაძის სიმღერები ლილი ნუცუბიძის ტექსტებზე.
ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი, ჩემი მეგობრები: როცა ქუთაისში ვცხოვრობდი მეზობლებს ვეუბნებოდი: _ რომ მოვკვდები ტყიბულის დღეები დამატირეთ მეთქი. ამჟამად თბილისში ვარ. ჩემი საყვარელი სამების ტაძარში დავდივარ, მთაწმინდაზე `ვაჟასთან~ დავდივარ, დიდხანს ვზივარ მის საფლავთან, მიყვარს ნინო ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის უიღბლო და უდიდესი სიყვარულის ისტორია. დიდხანს ვეფერები მათ.

როცა დიდუბის ტაძარში მივდივარ იქ `ტერენტი გრანელის~ საფლავზე ჩემად გულში ვკითხულობ მის ლექსებს და ვეფერები მას და უამრავ ჩემს საყვარელ ადამიანს. მსახიობებს, საზოგადო მოღვაწეებს. ამ `სიბერეში~ ვცხოვრობ მხოლოდ მოგონებებით, ძველი ლექსები ისევ მახსოვს, ახლებს ვეღარ ვიმახსოვრებ და ისევ ვწერ.
`ვიცი დრო მიდის და აღარ მშვენის,
მაგრამ მე ისევ ლექსები მშველის~..
_ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ტრაგედია არაფრისგან არ უნდა შექმნა. ჩვენი ცხოვრება თვითონ არის დიდი სიხარული და დიდი ტკივილი.. სულ ვცდილობ მაინც სიხარულით ვიცხოვრო რადგან სულ მახსოვს: `ჭეშმარიტი ბედნიერებაა იყო იმით კმაყოფილი რაც ღმერთს შენთვის მოუცია~, ყველაფერი უფლის ნებით ხდება და ვერაფერს შეცვლი. შეგნებით უნდა მიიღო და უიმედობაში არ ჩავარდე.

ერთადერთი რაც ძალიან მაწუხებს სიბერის შიშია. არ მინდა, არ მიყვარს და რა ვქნა..
`სიბერე მაშინებს, მაძრწუნებს, მაგიჟებს,
ვინმე გამიხდეს სიბერის თავდები,
ვეძებ გამოსავალს და ვერა ვპოულობ,
დაღლილი ცრემლით და ლოცვით ვმთავრდები~..
ყველა მოგონება, ყველა საყვარელი ადამიანის ნახვა და დამშვიდობება ცრემლს მგვრის, რომ მეტირება ესეც ასაკის ბრალიაო, სიმღერაზე და ფილმზე, რომ მეტირება ესეც ასაკის ბრალიაო, არადა გული ნამდვილად არ ბერდება. ამიტომ მიყვარს წიკლაურის სიმღერა:
`ასი წლისაც არ ვიქნები ბებერი
გული შემრჩეს ოღონდ უბერებელი~..
ქალბატონ ლიასთან საუბარი, რომ დავასრულე მის პირად ჩანახატებში კიდევ ერთ საინტერესო ჩანაწერს წავაწყდი, რომლის გამომზეურებაზე სიამოვნებით დამთანხმდა..
`ყველა ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე ჰყავს ერთადერთი გამორჩეული პიროვნება, რომელიც მის სულში ზის, მის ფიქრებში, ოცნებებში, მის შინაგან სამყაროში იდებს სამუდამო ბინას და ცოცხლობენ ასე ერთად.. შორი-შორს მაგრამ მუდამ ერთად.. ყველას თავისი ცხოვრების გმირი ჰყავს. მეც მყავდა და მყავს ჩემი სიცოცხლის გმირი. თითო წიგნიდან _ თითო გმირი, თითო შეყვარებული და ოცნების მამაკაცი. თითო Fფილმიდან კი.. მხოლოდ ერთი, ერთადერთი და განუმეორებელი.. ეს ყველამ იცოდა პატარაობიდან 60 წლის ქალის ცხოვრებამდე..
ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, ინსტიტუტის წლებში საჯაროდ გავუმხილე ჩემი სიყვარული თენგიზ არჩვაძეს. თბილისში ყველა შეხვედრაზე ახალი ლექსით თუ ჩანახატით ვულამაზებდი საღამოს, თავადაც მეძებდა და მკითხულობდა..

მოხუცდა.. ვერ ვეგუები მის ასაკს, შიში მდევს დღესაც, მისი არყოფნის შიში. მის ფილმებს ვხედავ, მის სიყვარულს, მის ვაჟკაცურ სულს, მის განსაკუთრებულობას, შინაგან მუხტსა და სიძლიერეს, მის განსხვავებულ სახეებს ყოველ ფილმში, მის უზარმაზარ ხელოვნებას..
`წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე,
თურმე ესეც გმირობაა დიდი~..

ჩემი გმირი ბოლომდე კაცურ კაცად შერჩენილი ადამიანია რომელმაც პატიოსნად, თავდადებული შრომით, უპრეტენზიოდ, ჩუმად, უხმაუროდ და უანგაროდ გალია წლები..

ბოლო შეხვედრა მახსენდება 2 წლის წინ. ლამაზი საღამო. ახალი ლექსით მოვეფერე და კვლავ სახალხოდ შევახსენე ჩემი გრძნობა, კვლავ თბილი ღიმილით და სიყვარულით მიცქერდა, მოვიდა, შუბლზე მაკოცა უკვე აკანკალებული ხელით ასწია სასმისი და მითხრა: _ `შენ ყველაზე ძვირფასი და დიდი საჩუქარი ხარ ჩემთვის ღმერთისაგან ბოძებული რაც აქამდე მიმიღიაო~.. და წამიკითხა ლექსი.. თავისივე დაწერილი რომელიც მე მეძღვნებოდა..

`ტკბილ შარბათით სავსე თასი,
პლატონური სიყვარული,
ხელთ რად მომეც, – გასკდა გული!..
თუ არასდროს არ შემასვი?..~
იყო ოვაციები, სიხარულის და ტკივილის ცრემლიც. ტკივილიც მისი ავადმყოფობის გამო. იყო სიყვარული და ბევრი თბილი ღიმილი, ღიმილი რომელიც  ყველაზე თბილი საჩუქარია ადამიანის სულისა. `სიყვარული არს ღმერთი~.. ღმერთმა დალოცოს ყველა მოსიყვარულე გული.~

Scan_10009

უაღრესად განათლებული, უნიჭიერესი ქალბატონი რომელთან საუბარმაც უდიდესი სიამოვნება მომანიჭა (ალბათ, დამეთანხმება ჩვენი მკითხველიც) პოეზიის დიდი ქომაგია. ის ლექსებს წერს. მის ჩანაწერებში ერთ ლექსს წავაწყდი რომელიც ტყიბულს ეძღვნებოდა:
`შენთვის ვარჩევდი ლამაზ ყვავილებს,
შენთვის ვეძებდი მშვენიერ ფერებს,
შენთვის მინდოდა ლექსი ახალი
გულს უნებურად, რომ აამღერებს.
შენთვის ვფანტავდი ღიმილს უთვალავს,
ყველა სიკეთე შენთვის მინდოდა,
შენთვის მინდოდა ყველა სიმღერა
ცის სილურჯე და ქვეყნის მშვიდობა.
და დღესაც მინდა ჩემო ქალაქო,
სიცოცხლე ჩემი შემოგთავაზო
მომეცი ნება, ვიმღერო შენთვის,
ცხოვრებაც ლექსით გაგილამაზო.
მომეცი ნება, გითხრა ამაყად
სათქმელი აღარ დავაგვიანო,
შენ ხარ ყველაზე დიდი სიკეთე,
შენ გაგიმარჯოს ჩემო ქალაქო..~

ცხოვრება ის დღეები როდია, რომლებიც წავიდა, არამედ ისინი რომლებიც დაგვამახსოვრდა.. მე ყველა დღე ძალიან ლამაზად, ტკბილ-მწარე მოგონებებით მახსოვს.

მთავარია, რომ მახსოვს. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ სტრიქონებს წაიკითხავს, ვისაც ვახსოვარ, მადლობა თქვენ, რომ გახსოვართ და მოიცალეთ ჩემთვის. მადლობა ყველას, მთელს ქალაქს, ტყიბულს, მის თითოეულ მოქალაქეს. ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი საშუალებით ჩემი ქალაქის გამგებელს, ჩემს უსაყვარლეს, უკეთილშობილეს ბატონ თემურ ჩუბინიძეს მივულოცავ ქალაქის გამგებლობას, უფალმა დაგლოცოთ ქალაქის საკეთილდღეოდ. მინდა მოგიძღვნა ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის ჩვენი პატრიარქის ლექსის სტრიქონები:
ნუ დაეცემით სულს ნუ იტანჯავთ,
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება
იფიქრეთ კარგი, და დაინახეთ
რომ ყველაფერი კარგად იქნება..

ანა ჩახვაშვილი