მთელი საქართველოს მასშტაბით და მათ შორის ჩვენს მუნიციპალიტეტშიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხორციელდება.

პროგრამა უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს, თუმცა წელს პროცესის მეტად გამჭვირვალობის მიზნით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართული მისი მონიტორინგის პროცესში. წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტზე 424 000 ლარია გამოყოფილი, რაც შარშანდელ ციფრს ოდნავ აღემატება.

თითოეულ თემსა და ცალკეულ სოფლებზე განსაზღვრული თანხები მოსახლეობის მიერ არჩეული და პრიორიტეტად დასახული პრობლემების გადაწყვეტას უნდა მოხმარდეს. ამისათვის ყველა სოფელში სოფლის კრება ტარდება, სადაც თემის რწმუნებული და თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები ინფორმაციას აწვდინ გლეხობას პროგრამის შინაარსთან დაკავშირებით.

საწირეში გამართულ შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი და კოალიცია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ესწრებოდნენ. წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საწირის თემზე 70 000 ლარია გამოყოფილი. მოსახლეობის მხრიდან წამოიჭრა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც აღნიშნული თანხით სოფელში უნდა მოგვარდეს. თუმცა გამოიყო პროირიტეტებიც.

სოფლის კრებაზე მოხდა საინიციატივო ჯგუფის დასახელება, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობას საწირეში კონტროლს გაუწევს და მოსახლეობასთან ერთად მას პირადად განახორციელებს.

ნათია მურუსიძე