პროფესიით სამთო-ინჟინერი 27 წლის ლევან ქასრაშვილი მეშახტისათვის უჩვეულო საქმითაა გატაცებული. მესამე საექსპლუატაციო უბის უფროსის თანაშემწე ამბობს, რომ მის ცხოვრებაში მხატვრობას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და შემოქმედებითი წვისათვის დროს ყოველთვის სიამოვნებით პოულობს. ხუთი წლის ასკიდან ხატავს. 2004 წელს ტყიბულის სამხატვრო სკოლა დაამთავრა და მას შემდეგ ხატავს ყველაფერზე, ყველაფრით და ყველაფერს.

_ კონკრეტულად რომელიმე ჟანრში მუშაობთ?

_ ჟანრი მაქვს თავისუფალი, ვმუშაობ, როგორც რეალისტურ ნამუშევრებზე, ასევე სიურიალისტურზე. ვმუშაობ მინაზე, “შკურკაზე”, კვერცხის ნაჭუჭზე და ტილოზე თავისთავად. რომელიმე განსაკუთრებული ჟანრი ამორჩეული არა მაქვს. ნებისმიერი მასალით ნებისმიერ თემაზე ვქმნი.

_ როგორ უთავსებთ შახტის რთულ სამუშაო რეჟიმს და თქვენს გატაცებას ერთმანეთს.?

_ ის სამსახური, სადაც მე დღეს ვმუშაობ აუცილებელია, თორემ ჩემი ცხოვრებისეული არჩევანი და საყვარელი საქმე არის მხატვრობა, აქედან გამომდინარე მაინც ვპოულობ იმ ერთ საათსა თუ საათნახევარს, რომ ნამუშევრის კეთების ჟინი და სურვილი მოვიკლა.

_ თქვენი შთაგონების წყარო თუ გამხდარა მეშახტის ყოფითი ეპიზოდები, ოდესმე თუ აგისახავთ ეს მხატვრობაში?

_ მაგ თემაზე ნამუშევარი ჯერ-ჯერობით შექმნილი არა მაქვს, არ გამიკეთებია, მაგრამ ყოველდღიურობას დიდი წვლილი შეაქვს ჩემი ნამუშევრების სპეცეფიკაში, ეს იქნება მეშახტის თუ ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანის ცხოვრება.

_ თქვენი, როგორც ხელოვანი ადამიანის მიდგომა სამსახურისადმი თუ არის განსხვავებული?

_ განსხვავებულია, იმიტომ რომ ბუნებით ვარ ძალიან პუნქტუალური და ზედმეტად ვგრძნობ პასუხისმგებლობას. ჩემი საქმე, რასაც დღეს ვაკეთებ მიყვარს თუ არ მიყვარს, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მევალება და ზედმიწევნით ვასრულებ იმ ვალდებულებას, რაზეც ნდობა გამომიხხადა კომპანიამ, როცა ამ თანამდებობაზე დამნიშნა.

1467239_525800620849459_1560808503_n_ უმაღლესი სამხატვრო განათლება რატომ არ მიიღეთ?

_ თვითნასწავლი მხატვრის სტატუსი მაქვს, როგორც ვიცი. მინდოდა თავის დროზე სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, მაგრამ გარკვეულმა ფაქტორებმა ხელი შემიშალა. ამიტომ ჩავაბარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-საინჟინრო ფაკულტეტზე. მეორე პროფესიით ვარ ინჟინერ-მექანიკოსი. მეორეს იმიტომ ვეძახი, რომ პირველი და მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში, როგორც ავღნიშნე, არის მხატვრობა, რომელსაც არ ვანებებ თავს. შეიძლება მასთან დაკავშირებული სამსახური არა მაქვს, მაგრამ მაინც რჩება ის ჩემს პირველ გატაცებად და ცხოვრების აზრად. მესამე პროფესიაც მაქვს, ექვსი წლის განმავლობაში ბარმენად ვმუშაობდი და ამის გამოცდილებაც მივიღე.

_ თუ გქონიათ პერსონალური გამოფენა ან თუ გეგმავთ ამის გაკეთებას?

_ შარშან იყო მცდელობა, რომ გაკეთებულიყო ჩემს გარშემო გამოფენა ტყიბულის თეატრში, მაგრამ სამხუხაროდ ისე არ გამოვიდა, როგორც დაიგეგმა. მითუმეტეს ისეთი ნამუშევრები მქონდა წარმოდგენილი, რომელზეც საქართველოში ძალიან ცოტა თუ მუშაობს, ეს იყო ფიტულები (მელია, ქორი და მიმინო) და კვერცხის ნაჭუჭის ნაკეთობები.

ლევანს დიდი სურვილი აქვს თავის პატარა ქალიშვილებსაც შეაყვაროს ის საქმე, რაც მის აუხდენელ ოცნებად რჩება და ამბობს: “ფანქრის არსი უკვე გაიგეს და ჯღაბნიან კიდეც, თუმცა ხატვა ხელოვნების ის დარგია თუU ნიჭი არ დაგყვა, ამას ვერ ისწავლი.”

ნათია მურუსიძე