თბილისში დიღმის საჭიდაო კომპლექსში გაიმართა ტრადიციული “ევრაზიის პირველობა კუნგ-ფუ-სანდაში.” ტურნირის ორგანიზატორი “საქართველოს კუნგ-ფუს ეროვნული ფედერაცია” იყო.

შეჯიბრება “საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და “ევროპის კუნგ-ფუს ფედერაციის” პატრონაჟით გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას შვიდი ქვეყანა იღებდა. მათ შორის: საომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, დაღესტანი, ირანი, ერაყი და საქართველო. 200 მონაწილე 35 წონით და ასაკობრივ კატეგორიაში იყო გადანაწილებული, როგორც ვაჟები, ასევე გოგონები.

ევრაზიის პირველობის საზეიმო გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ კუნგ-ფუს ფედერაციის პრეზიდენტი ოლეგ ფანჩულიძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ერაყის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, რომელებიც ჩემპიონატში მონაწილეებს მიესალმნენ და მათ წარმატება უსურვეს. გაიმართა ქვეყნების წარდგენა და საჩვენებელი გამოსვლები.

ტყიბულიდან ტურნირში მონაწილეობას ორთაბრძოლების კლუბ “რატის” 21 სპორტსმენი იღებდა, კლუბის ხელმძღვანელის ოლედ ფანჩულიძის თაოსნობით. მათ ბრწყინვალედ იასპარეზეს და ცხრა პირველი, სამი მეორე და სამი მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვეს.

ჩემპიონები გახდნენ: დათო ფოცხვერაშვილი, ნიკა ჯიხვაშვილი, ოთარ ვაჩაძე, გიორგი პატარიძე, გიორგი ცირეკიძე, ამირან ჭიქაბერიძე, ტარიელ გურგენიძე. ხოლო პრიზიორები: გივი ქასრაშვილი, გიორგი რაზმაძე, სერგო გაბრიჭიძე, ზურაბ ბანცაძე, გიგი ხარატიშვილი და ბესო ჯიქია. ყველა ჩემპიონი და პრიზიორი მედლებით, სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ტყიბულის სპორტულ კლუბს ტურნირზე გამგზავრებაში ფინანსურად ადგილობრივი თვითმმართველობა, კერძოდ კი სპორტული ცენტრი დაეხმარა.

ტყიბულში დაბრუნების შემდეგ ჩემპიონებს მუნიციპალიტეტის გამგებელი თემურ ჩუბინიძე შეხვდა, მიულოცა მათ გამარჯვება და საპატიო დიპლომები გადასცა. კლუბ “რატის” უახლოესი გეგმები უკვე გაწერილია, 31 მარტს _ საერთაშორისო ტურნირი ხრიდოლში, 20 აპრილს _ “იმერეთის პირველობა სანდაში”, რომელსაც ტყიბული უმასპინძლებს და 2 ივნისს კი “საქართველოს ჩემპიონატი კუნგ-ფუში,” რომელიც თბილისში გაიმართება.

ნათია მურუსიძე