“ტყიბულის დროით” მკითხველთათვის უცხო არაა ნორჩი მოჭადრაკის დათო ცქიფურიშვილის სახელი, რომლის შესახებაც არაერთხელ დაწერილა ჩვენს გაზეთში. თუმცა ალბათ ყველამ არ იცის, რომ ეს პატარა ტყიბულელი განსაკუთრებული უნარების მქონე ბიჭია და თავის ასაკთან შედარებით საოცარი ცოდნითა და გონიერებით გამოირჩევა. ამის დასტურად მარტო ისიც კმარა, რომ რვა წლის მოზარდი უკვე მეხუთე კლასის მოსწავლეა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დათო ცქიფურიშვილის შესახებ უფრო მეტი რამ გაგვეგო. თუმცა ჩვენი პატარა რესპოდენტი იმდენად მორცხვი და სიტყვაძუნწი აღმოჩნდა რედაქციაში ის დედასთან ერთად მოვიწვიეთ.

_ ქალბატონო ნანა, გვიანბეთ რამ განაპირობა, რომ რვა წლის ბავშვი უკვე მეხუთე კლასის მოსწავლეა?

_ პირველი კლასის პირველ სემესტრში დათო საწირის საჯარო სკოლაში სწავლობდა. მეორე სემესტრიდან კი პირველ საჯარო სკოლაში გადმოვიყვანეთ და პირველი კლასი რომ დაამთავრა, მეორეს მაგივრად მეოთხე კლასში დასვეს. მეორე და მესამე კლასი გამოტოვა.

_ რის საფუძველზე მოხდა ასეთი ნახტომის გაკეთება?

_ დირექტორის და მასწავლებლების იდეა იყო. პირველ კლასში მეორე და მესამე კლასის მასალას სწავლობდა (მანანა მანაგაძის კლასში). მერე მეორე წელს რომ მოვედით რაღაც ტესტები გააკეთებინეს და დირექციის გადაწყვეტილებით დასვეს პირდაპირ მეოთხე კლასში.

_ მშობელი ხართ და თქვენზე უკეთ არავინ იცნობს დათოს. დაბადებიდანვე თუ განსხვავდებოდა სხვა ბავშვებისგან და რა განსაკუთრებულ უნარებს ამჟღავნებდა?

_ 4 წლის იყო უკვე ჩვეულებრივად კითხულობდა ზღაპრებს. ოთხისაც არ იყო ასოების ცნობა რომ იცოდა. ექვსი წლის ასაკში სერიოზულ წიგნებს კითხულობდა. სკოლაში რომ შევიდა ბურატინოს თავგადასავალს 250 გვერდიან წიგნს ამთავრებდა. მის მერე ბევრი წიგნი აქვს წაკითხული. მათემატიკასაც მარტივად ითვისებს. ყველაფერში თანაბრად ინტერესიანია, არ ხდება ისე, რომ რომელიმე საგანი გამორჩეულად უყვარდეს.

_ ოჯახის რომელიმე წევრმა მისცა კონკრეტული მიმართულებას, როცა მიხვდით რომ განსაკუთრებული მონაცემები ჰქონდა?

_ თვითონ რაც უნდა ყოველთვის იმას აკეთებს, თვითონ დაჯდება, თვითონ კითხულობს, არავინ არ ეუბნება, რომ შენ ეს წაიკითხე. პირიქით ვეუბნებით, თვალები გეტკინება, ცოტა ხანს დაისვენე. ძალიან ბევრი ასაკისთვის შეუსაბამო ლიტერატურა აქვს წაკითხული, მაგრამ მოწონს.

_ ჩვენთვის დათოს წარმატებები უფრო მეტად ცნობილია ჭადრაკის მიმართულებით. თავიდან საიდან გაჩნდა ინტერესი, რომ ამ სპორტით დაკავებულიყო?

_ როცა პირველ საჯარო სკოლაში გადმოვედით დირექტორმა გვირჩია, რომ სკოლაში ჭადრაკის წრეზე შეგვიყვანა და მერე უკვე საჭდრაკო სკოლაში მივედით.

_ რამდენად ვიცი უფროს ასაკობრივ ჯგუფებშიც ასპარეზობს…

_ კი თმაშობს. ათ წლიანებშიც უთამაშია და პირველი ადგილიც აიღო აქ ტყიბულში ჩატარებულ ტურნირზე. ქუთაისშიც ითამაშა.

_ მხოლოდ ერთი წელია, რაც ჭადრაკის სკოლას წარმოადგენს, თუმცა ყველაზე დიდი წარმატება რა აქვს ამ ხნის მანძილზე?

_ ექვსი მედალი აქვს უკვე 8 თვის განმავლობაში, ორი მესამე, ორი მეორე და ორი პირველი ადგილი. აქედან ერთი პირველი ადგილი ათწლიანებში აქვს მიღებული.

_ ვიცით, რომ განსაკუთრებილი ბავშვია თავისი უნარებით, მაგრამ თუ აქვს ბავშვური სიცელქე, თამაშისადმი ინტერესი ანუ ყველაფერი ის, რაც მისი ხნის მოზარდს უნდა ახასიათებდეს?

_ პრინციპში კი, არ არის თავის თავში ჩაკეტილი ბავშვი, მაგრამ უფრო დიდ ადამიანებთან გრძობს თავს კარგად, ვიდრე თანატოლებთან. ჭადრაკშიც რომ დადის იქაც დიდ ბავშვებთან ურთიერთობს, ვიდრე პატარებთან, იმათთან ერთად მეცადინეობს.

_ დათუჩა, კომპიუტერი არ გიყვარს?

_ არა.

_ ჩადრაკსაც არ თამაშობ კომპიუტერში?

_ ჩადრაკს კი.

_ ქალბატონო ნანა, გაგვაცანით მისი ოჯახის სხვა წევრები…

_ დათუჩას ორი დედმამიშვილი ჰყავს და და ძმა. და ათი წლის და ძმა 14 წლის. დათუჩა ნაბოლარაა.

ინტერვიუს მსვლელობისას სასიამოვნო დამთხვევა მოხდა და დათოს სკოლის დირექტორი ბატონი ვასილ ქენქაძე შემოგვესწრო. შემთხვევით ვისარგებლე და რამდენიმე კითხვა დავუსვი.

_ ბატონო ვასო, როგორც გავიგე თქვენი ინიციატივა ყოფილა, რომ დათო ორი კლასის წინსწრებით გადაგეყვანათ მეოთხე კლასში…

_ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. რეალურად ბავშვი ძალიან იოლად ძლევს იმ დონეს, რაც საჭიროა იმ კლასში, რომელშიც უნდა იყოს, მარგამ წინსწრებით თავისი ინდივიდუალური პროგრამით სხვა ბავშვებთან ერთად სწავლობს და საკმაოდ კარგად ძლევს იმ დონესაც. მშვენიერი კარგი მოსწავლეა.

_ ჭადრაკშიც თქვენი ინიციატივით ჩაბმულა…

_ მივიყვანეთ მწვრთნელთან, იმიტომ რომ ასეთი გამორჩაული ბავშვი იყო და თავისთავად ცხადია შეეძლო გარკვეული წარმატებები ჰქონოდა. ძალიან მალე დაეტყო ხელი და დღეს მნიშვნელოვანი შედეგებიც აქვს. ასე რომ მე იმედი მაქვს, დათო იქნება ძალიან კარგი მოჭადრაკე. ალბათ ცოტა ხანში არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ჭადრაკს სერიოზულად უნდა მიხედოს და უფრო მეტი დატვირთვა იქით მიმართოს, იმიტომ რომ თავის ასაკთან შედარებით მას ძალიან დიდი ცოდნა აქვს. აქდან გამომდინარე ერთი კარგი მოჭადრაკე ეყოლება ალბათ საქართველოს.

_ დათუჩა, შენ ახლა სწავლობ მეხუთე კლასელებთან ერთად, ყველაზე პატარა რომ ხარ არ გიჭის მათთან ურთიერთობა?

_ არა.

_ ხომ არ გჩაგრავენ? 🙂

_ არა.

ვასილ ქენქაძე: სხვათაშორის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. განათლების სისტემა ასეთი გადაყვანის შემთხვევაში ითვალისწინებს სიფრთხილეს, ვინაიდან არის შეჩვევის მომენტი, ასაკობრივი სხვაობა ძალიან დიდია. მაგრამ დათოს რომ ვუყურებ უპრობლემოდაა ჩართულია იმ კლასში, არა აქვს გართულება, რომ დავუშვათ, ისინი უფროსები არიან. ძალიან კარგად ურთიერთობს ბავშვებთან.

_ ქალბატონო ნანა, დათო რამდენ ხანს მეცადინეობს ყოველ დღე ჭადრაკში?

_ სამი საათი მაინც ყოველ დღე.

_ გვითხარით მოკლედ ბავშვის მთელი დღის განრიგი. როგორ არის დატვირთული?

_ დილით ისე არ ხდება, რომ ადგეს, საჭმელი ჭამოს და პირდაპირ სკოლაში წავიდეს. როცა გაიღვიძებს დაჯდება და წაიკითხავს ათი გვერდს მაინც სკოლაში წასვლამდე. ახლა საქართველოს ისტორიას კითხულობს, ოტხრომეული რომაა. ვეუბნებით, რომ ჯერ ადრეა, მაგრამ თავი მოიკლა, უნდა წავიკითხოო. ლიტერატურას კითხულობს ყოველ დღე. გაკვეთილებს იოლად სწავლობს, მერე ჭადრაკი აქვს. ამიტომ კითხულობს დილით, მერე დრო აღარ რჩება. კიდევ ინგლისურს სწავლობს.

ვასილ ქენქაძე: უცებ უნდა ყველაფერი მოასწროს. მრავალმხრივი განათლება აქვს, მარტო ერთ რამეზე მიჯაჭვული არაა. რაც მათავარია წიგნს კი კითხულობს, მაგრამ მისი გადმოცემაც შეუძლია ძალიან მახვილგონივრულად. ასე იყო პირველ კლასშიც, უკვე რომანებს კითხულობდა.

_ ქალბატონო ნანა, ლიტერატულრის სწორად შერჩევაში ვინ ეხმარება?

_ არავინ, თვითოონ ირჩევს. “გლახის ნაამბობი” უჩვენეს ამასწინათ ტელევიზიით, წიგნი არა არის ამისიო? _ იკითხა. არ წაიკითხო-მეთქი, ცოტა ხნის მერე წაიკითხე-თქო. საერთოდ მასწავლებლები ეუბნებიან, რისი წაკითხვა ჯობია, იმათსას იჯერებს ჩემზე მეტად. ისე ისტორიული წიგნები უფრო უყვარს, მოსწონს.

ინტერვიუ დასაბეჭდათ უკვე მზად იყო, როცა დათოს მორიგი წარმატების შესახებ შევიტყვეთ. ჭადრაკში გამართულ იმერეთის ჩემპიონატზე ათ წლამდე ჭაბუკთა შორის დავით ცქიფურიშვილმა პირველი ადგილი აიღო და ჩემპოინი გახდა.

ნათია მურუსიძე