ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტარი ელისო ჩაფიძე თვითმმართველობის ახლადარჩეულ ხელმძღვანელობასთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან თამაზ კუბლაშვილთან, გამგებელთან _ რობიზონ გვენეტაძესთან ერთად იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა, რომელიც ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დადგა დღის წესრიგში.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ბეტონის საფარით შიდა გზების მშენებლობა 19 მიმართულებით უნდა განხორციელდეს. თბილისის, ახობაძის, ვაჟა_ფშაველას, ჩხეიძის, ბრეგვაძის, ფიროსმანის, ოკრიბის, გაბრიაძის, ჭიათურის, ძმები ვარდოსანიძეების, გორგასლის, დუმბაძის, ორბელიანის, ტაბიძის, ტყვარჩელის, ცქიფურიშვილისა და ჯაოშვილის ქუჩების მოწყობა, _ ეს ის ჩამონათვალია, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს ,,საპოვნელამ” დადგენილი ვადების მიხედვით სამუშაოები სექტემბრის ბოლომდე უნდა განახორციელოს.
სპორტის სასახლე, რომელიც 1992 წლის ზამთარში დიდთოვლიანობის დროს დაინგრა და შემდგომ წლებში გაიძარცვა კიდეც, დღეისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 308 ათასი ლარი მისი აღდგენისათვის უნდა დაიხარჯოს. სამუშაოები ამაწლის მაისში დაიწყო და შ.პ.ს ,,ბამამ” ნოემბრის ბოლომდე უნდა შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება. ამ დროისათვის ფირმამ 126 ათასი ლარის საქმიანობა გაწია.
ტყიბულის საცურაო აუზის მშენებლობას შ.პ.ს ,,გლობალ-ტექნო-სერვისი” ივნისის თვეში შეუდგა. გაწეული სამუშაოს შესასრულებლად მან 31 ათასი ლარი დახარჯა და გაწერილი ვადით სექტემბრის ბოლოს ობიექტზე სარემონტო საქმიანობა უნდა დასრულდეს კიდეც.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესმდივანი ნანა რაზმაძე