28 აგვისტოს ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მარიამობა ანუ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული იზეიმა.
ამ დღეს საზეიმო წირვა-ლოცვა ტყიბულის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში მამა გაბრიელმა აღავლინა.
ღვთისმშობლის მიძინება მართლმადიდებლური ეკლესიის ათორმეტთაგან ერთ-ერთი დიდი დღესასწაულია. ამის მიხედვით ძვველ ქართულ კალენდრებში აგვისტოს მარიამობისთვე ეწოდება. მარიამის გარდაცვალების ამბავი IV საუკუნის ბოლომდე ბინდით იყო მოცული. ტრადიცია გვეუბნება, რომ იესოს ჯვარცმის შემდეგ დედა ღვთისა იოანე მოციქულის სახლში ცხოვრობდა.
იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ ღვთისმშობელმა რამდენიმე ხანი იცოცხლა. როცა მისი გარდაცვალების დრო მოახლოვდა, მას გაბრიელ მთავარანგელოზი გამოეცხადა და მიცვალების ჟამის მოახლოვება აუწყა. ღვთისმშობელმა ეს ხარება სიხარულით მიიღო და შეუდგა მზადებას. მაგრამ გარდაცვალების წინ მან მოისურვა ყველა მოწაფე ენახა და გამოთხოვებოდა მათ, რომლებიც საქადაგებლად სხვადასხვა ქვეყანაში იყვნენ წასული. ღვთის განგებით, ყველა მოციქული, თომას გარდა, დაბრუნდნენ იმ დროს იერუსალიმში და ღვთისმშობლის ნეტარებით გარდაცვალებას დაესწრნენ. წმინდა და ნეტარი მარიამ ქალწული უტანჯველად გარდაიცვალა, მან თითქოს მიიძინა.
ღვთისმშობლის გვამი მოწაფეებმა გევთსამანიის ბაღში გაასვენეს და გამოქვაბულში დაასაფლავეს. მისი განსვენების შემდეგ, მესამე დღეს იერუსალიმში მოციქული თომაც დაბრუნდა. მისი თხოვნით მოციქულებმა საფლავი გახსნეს, მაგრამ გვამი საფლავში აღარ იყო. ამას იოანეს გამოცხადების სიტყვებით ხსნიან: “და სასწაული დიდი გამოჩნდა ცათა შინა: დედოფალი რომელსა ემოსა მზე”. მათ ღვთისმშობელი ნათელმოსილი ანგელოზებით გამოეცხადა და აუწყა, რომ ღმერთმა იგი მკვდრეთით აღადგინა.
ღვთისმშობლის მიძინებას ჩვენ 28 აგვისტოს ვზეიმობთ და მას ~მარიამობას~ ვეძახით. მარიამობის წინ ორი კვირა კი ვმარხულობთ.
თეონა ჯანელიძე