ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა მეორე საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში მუნიციპალიტეტის თასზე შეჯიბრება კალათბურთში, რომელიც სახელგანთქმული კალათბურთელის ბუჭა მესხის ხსოვნას მიეძღვნა.

ტურნირი წელს პირველად ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის მიერ დამტკიცებულმა მსაჯთა კოლეგიამ ჩაატარა. შეჯიბრებაზე მონაწილეობა ქალაქისა და სოფლების შვიდმა გუნდმა მიიღო.

ფინალური ეტაპი 18 აგვისტოს გაიმართა, სადაც ერთმანეთს “საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფისა” და თბილისის ქუჩის კალათბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ. საკმაოდ საინტერესო თამაშის დასრულების შემდეგ გამარჯვებულიც გამოვლინდა. პირველი ადგილის მოპოვება ტურნირზე თბილისის ქუჩის გუნდმა შეძლო.

გამარჯვებულ გუნდს დიპლომთან და ფასიან საჩუქართან ერთად გარდამავალი თასი გადაეცა. ფასიანი საჩუქარი და დიპლომი მიიღო ასევე მეორე ადგილზე გასულმა “საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფის” გუნდმაც.

თეონა ჯანელიძე