2008 წლის რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტიდან 6 წელი გავიდა. საქართველომ აგვისტოს ომში დაღუპული გმირები წელს კიდევ ერთხელ გაიხსენა. აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცები ტყიბულშიც გაიხსენეს.
2008 წელს სამშობლოს დასაცავად გარდაცვლილ მეომართა შორის იყვნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მკვიდრნი ნიკოლოზ ფორჩხიძე და ფრიდონ ბრეგაძე, რომლებიც 11 აგვისტოს მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ.
საწირის წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში დღეს მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მღვდელმსახურმა, მამა გერმანემ (ლაფერაძე) აღავლინა, რომელსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოგვიანებით ისინი ნიკოლოზ ფორჩხიძისა და ფრიდონ ბრეგაძის საფლავებზე, ძიროვანსა და ბუეთში მივიდნენ, სადაც აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცები ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად კიდევ ერთხელ მოიგონეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.
გმირულად დაღუპულები საწირის კულტურის სახლის წარმომადგენლებმაც გაიხსენეს და მათ ხსოვნას საგალობელი მიუძღვნეს.
კაპრალი ნიკოლოზ ფორჩხიძე 17 შინდისის გმირთაგან ერთერთია, ვინც 11 აგვისტოს მტრის ალყაში მოქცეული 24 წლის ასაკში გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე. 21 წლის ფრიდონ ბრეგაძე კი სოფელ ნიქოზში იბრძოდა და ის რუსული ავია-იერიშების დროს გარდაიცვალა.
ელისო ჭანტურიძე