ძიძიგურის სახელობის შახტის დასახლებაში არსებული კრივის დარბაზი უკვე წლებია არ შეკეთებულა.
მოკრივეებს იქ ვარჯიში გაუსაძლის პირობებში უწევთ. დარბაზში დიდი ხანია არც სველი წერტილებია და არც ელექტროენერგია. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით აღნიშნულ კრივის დარბაზში სარემონტო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. შესაბამისმა სამსახურმა იქ აზომვითი სამუშაოები უკვე აწარმოა.
კრივის დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებითვე მოხდება “შაორგესის” ადმინისტრაციული შენობის წინ, დასავლეთ შახტის მიმართულებით რკინიგზამდე არსებული კიბის შეკეთებაც. ორივე ინფრასტრუქტურული ობიექტის რეაბილიტაცია 2014 წლის ბოლომდე დასრულდება.
მიმდინარე კვირაში დაიწყება ფორჩხიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქ ბეტონის საფარი 40 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიგება, სადაც გზის სიგანე სამი მეტრი იქნება, ხოლო სისქე კი 16 სანტიმეტრი. სამუშაოების დასაწყებად პროექტი უკვე გამზადებულია.
თეონა ჯანელიძე