გამგებლის ახალი ინიციატივა, რომელიც კვირაში ერთხელ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გარკვეული პრობლემური მონაკვეთის გაცნობას ითვალისწინებს, აქტიურ ფაზაში შევიდა.
მორიგი გასვლითი სამუშაო დღე რობიზონ გვენეტაძემ ქალაქის შემდეგ უკვე სოფლებში დაგეგმა. 7 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის გამგებელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებთან ერთად გურნის თემში იმყოფებოდა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით იქ მიმდინარე სამუშაოები და დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა.
აღნიშნული პროგრამით წელს გურნასა და მის სოფლებში 12 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება ასევე გურნის საჯარო სკოლის წინ არსებული სკვერის გაკეთება, სადაც სამუშაოები უკვე დაწყებულია. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშივე მოხდა სასმელი წყლისათვის ჭის მშენებლობა, რომლის სიღრმე 9 მეტრს აღწევს. ე.წ. “ნაჭიშკრების უბანში” სასმელი წყლის პრობლემა იქ მაცხოვრებლებს დიდხანს აწუხებდათ.
მუნიციპალიტეტის გამგებელი ამ დღეს გურნის მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემებით დაინტერესდა. რობიზონ გვენეტაძე კისორეთის მცხოვრებლებსაც ესტუმრა და მათგან ის საკითხები მოისმინა, რომლებიც სოფელს ყველაზე მეტად აწუხებს. გამგებელი მათ კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. აქვე მან უკვე დასრულებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
რობიზონ გვენეტაძემ ამ დღეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელებული კიდევ ერთი ობიექტი დაათვალიერა. აღნიშნული პროგრამით სოფელ ბობოთში გზის გარკვეულ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო.
მუნიციპალიტეტის გამგებელი სოფელ გურნაში გაბადაძეების ოჯახსაც სტუმრობდა და მათი მდგომარეობით დაინტერესდა. ორსულიანი ოჯახი ერთ-ერთია გურნის მცხოვრებლებს შორის, რომელსაც სოციალური დახმარება უკვე მეორედ მოუხსნეს. ოჯახის უფროსი ავადაა და შრომისუუნაროა, არც მისი მეუღლე მუშაობს და საპენსიო ასაკიც არ აქვთ. ოჯახი წლებია ხის სახლში სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობს.
დღის ბოლოს რობიზონ გვენეტაძე გურნის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, რომელიც მან სკოლის დირექტორთან და სხვადასხვა სამსახურის უფროსებთან ერთად დაათვალიერა. სკოლა გარემონტებულია და სასწავლო პროცესის წარმართვისათვის იქ ნორმალური პირობებია, თუმცა 400 მოსწავლეზე გათვლილ შენობაში განათლებას მხოლოდ 50 ბავშვი იღებს.
თეონა ჯანელიძე