8 ოქტომბერს ტყიბულში იმერეთის მხარის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი იმყოფებოდა.
მან გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებთან ერთად ის ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა, სადაც ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მან მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად რეაბილიტაციის პროცესში მყოფი საცურაო აუზი დაათვალიერა, სადაც უკვე პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულებულია და რეაბილიტაციის მეორე ეტაპი გაზაფხულზე დაიწყება. აღნიშნული პროექტი ტყიბულში რეგიონული განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული.
მეორე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში ხორციელდება, სპორტის სასახლის რეაბილიტაციაა. ამჟამად აქ უკვე შიდა შელესვითი სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც მოხდება ტრიბუნებზე ბეტონის ჩასხმა და ტიხრების ამოყვანა. აღნიშნულ სამუშაოებს შ.პ.ს. “ნიუ იბერია” ასრულებს და მას ფირმა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში 9 ნოემბერს დაასრულებს.
ზაზა მეფარიშვილი ამ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარომადგენლებსა და შესაბამისი სამსახურის უფროსებს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე დაესწრო. მხარის პირველმა პირმა ადმინისტრაციის ხელმაძღვანელობისგან ანგარიში მოისმინა. აქვე ასევე 9 თვის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელეს და 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს. ზაზა მეფარიშვილმა შეკრებილებს ადგილობრივ თვითმმართველობებში დაგეგმილი კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და შესაბამისი რეკომენდაციებიც გასცა.
იმერეთის მხარის გუბერნატორმა ტყიბული-მუხურის ბეტონის საფარით რეაბილიტირებული საავტომობილო გზის მონაკვეთიც დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული და 500 000 ლარის ღირებულების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა “ტობე” ასრულებს. პროექტის მიხედვით წელს მუხურაში ბეტონის საფარი 2500 მეტრის სიგრძეზე დაიგო, შემდგომი ეტაპის სამუშაოები აქ მომავალ წელს გაგრძელდება.
თეონა ჯანელიძე