18 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხი განიხილა. პარლამენტარების წინაშე დოკუმენტი საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ეკონომიკის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინეს.

მაია ფანჯიკიძემ თავის მოხსენებაში ყურადღება ასოცირების ხელშეკრულების შინაარსსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე გაამახვილა.

პარლამენტის სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ევროკომისარი შტეფან ფულე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოწვეულ სტუმრები ესწრებოდნენ.
საკითხის განხილვის შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც პარლამენტის ტრიბუნა მიწვეულმა სტუმრებმა დაიკავეს. კენჭისყრის დაწყებამდე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ პარლამენტარებს სიტყვით მიმართეს.
კენჭისყრაზე საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. 123 დეპუტატმა არც ერთის დეპუტატის წინააღმდეგ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაში მიიღო მონაწილეობა. კენჭისყრის შემდეგ სიტყვა საქართველოს პრეზიდენტმა წარმოსთქვა და საქართველოს მოსახლეობას რატიფიცირება მიულოცა. ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ კი ხელშეკრულების რატიფიცირებას საჯაროდ ხელი მოაწერა.
პროცედურის მიხედვით, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ევროკავშირის 28 სახელმწიფომ უნდა მოახდინოს.ასოცირების შესახებ შეთანხმება 1600-მდე გვერდს მოიცავს და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან.

ელისო ჭანტურიძე

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *