მოწამეთობა სახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად ოკრიბაში 15 ოქტომბერს მოწამეთას მონასტერში იმართება.

ეს დღესასწაული ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხულ არგვეთის მთავართა, დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეა. ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნენი ოკრიბაში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩამოდიან. მათ შეუძლიათ გაიარონ მოწამეთას ტაძრის გვირაბში, სადაც, ტრადიციულად სურვილის ჩაფიქრების შემდეგ პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს.მოწამეთობის დღესასწაულზე მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მან ოკრიბელ ხალხს ჩვენი კუთხის რელიგიური დღესასწაული მოწამეთაში მიულოცა.
დღესასწაულის ტრადიცია XVIII საუკუნიდანაა ცნობილი. გადმოცემის თანახმად, მოწამეთა სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც დავით და კონსტანტინე მხეიძეები მურვან ყრუს შემოსევის დროს აწამეს.
დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები დაკრძალეს მდინარე წყალწითელას ნაპირზე მდებარე, მურვან-ყრუს მიერ დარღვეულ ეკლესიაში. ეს ადგილები დიდი ხელმწიფის ბაგრატის მეფობამდე დაფარული იყო. ამ უკანასკნელმა სამარხზე ააშენა მონასტერი და ხარების ეკლესია, რომელშიც დიდმოწამეები შავი, ძვირფასი ლუსკუმით დაასვენა და მლოცველთა თაყვანის საცემლად ცხადად გამოაჩინა უხრწნელი სხეულები, ხოლო მათ მოსახსენებლად და სადიდებლად წმინდა ეკლესიამ დააწესა 15 ოქტომბერი.

 

თეონა ჯანელიძე