25 ოქტომბერს ტყიბულის მუნიციპალიტეტი ,,ტყიბულქალაქობას” აღნიშნავს. ,,ტყიბულქალაქობის” აღსანიშნავად მუნიციპალიტეტი საგანგებოდ ემზადება. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში დღის მანდძილზე არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც ქალაქის ცენტრში 10 საათიდან დაიწყება.
,,ტყიბულქალაქობას საფუძველი 1997 წლის 18 ოქტომბერს ჩაეყარა და მას შემდეგ, ის პერიოდულად იმართებოდა. წელს კვლავ აღსდგა ღონისძიების აღნიშვნის ტრადიცია და სახალხო დღესასწაულში ჩართულია ქალაქი ტყიბული და 9 სასოფლო თემი.
,,ტყიბულქალაქობის” დღესასწაულთან დაკავშირებით 11 საათიდან სტუმრების მიღება დაიწყება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, შემდეგ მოხდება ქალაქის დალოცვა, საეკლესიო რიტუალს ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი მეუფე გიორგი აღასრულებს. ღია ცის ქვეშ დაგეგმილია ეთნოგრაფიული ოკრიბის წარმოსახვა. ყველა თემი თავიანთი კუთხისთვის დამახასიათებელ ფოლკლორს და სამზარეულოს წარმოაჩენს. ასევეა დაგეგმილი კარლო ლომაძის ბიუსტის საზეიმო გახსნა, მოეწყობა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა, ასფალტზე ხატვა და სკოლის მოსწავლეების მიერ მოლბერტზე ხატვა კლასიკური მუსიკის ფონზე, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გამოფენა, კარლო ლომაძის სახელობის სკვერში ,,ტყიბულქლაქობა “ – 2014 წლის სახელით მწვანე ნარგავების გაშენება და ბოლოს საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მიიღებენ, სადაც საპატიო მოქალაქები დასახელდებიან.
სახალხო დღესასწაულს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებთან ერთად ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე დაესწრება. ღონისძიებაზე, ასევეა არიან მოწვეულნი იმერეთის მხარის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, გუბერნიის წარმოამდგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გამგებლები და სხვა სტუმრები.