დღეს ტყიბულში საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგის მიხედვით სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ თეიმურაზ კაკუშაძემ გახსნა და მან საკრებულოში მაჟორიტარული და პროპორციული სიით შესული დეპუტატები წარადგინა.
ახლად არჩეული საკრებულო 25 წევრისაგან შედგება. აქედან 13 დეპუტატი “კოალიცია ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, 5 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, 4 „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“, 1 პატრიოტთა ალიანსის, 2 კი დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატია.
საკრებულოს წევრების წარდგენის შემდეგ სხდომის მიმდინარეობას საკრებულოს უხუცესი წევრი ლევან ჯიშიაშვილი უძღვებოდა.
სხდომას 24 დეპუტატი ესწრებოდა და ხმათა უმრავლესობით საკრებულოსა და საკრებულოს წევრების უფლებამოსილება იქნა ცნობილი.
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მხოლოდ ერთი კანდიდატურა დასახელდა, „კოალიცია ქართული ოცნებიდან“ თამაზი კუბლაშვილის. საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად ფარული კენჭისყრა გაიმართა, სადაც მონაწილეობა 24 წევრმა მიიღო.
დასახელებულ კანდიდატს ფარული კენჭისყრით ხმა საკრებულოს 10 წევრმა დაუჭირა. ვინაიდან კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა ვერ მიიღო აღნიშნულ სხდომაზე თავჯდომარე არჩევა ვერ მოხერხდა. შესაბამისად სხდომა დაიხურა და სავარაუდოდ თავჯდომარის არჩევა მომავალ სხდომაზე მოხდება.
დღის წესრიგის მიხედვით ასევე უნდა მომხდარიყო საკრებულოს რეგლამენტის განხილვა, რომელიც საკრებულოს წევრების მოთხოვნით მომავალ საკრებულოს სხდომაზე განიხილება.
სხდომას საქართველოს პარლამენტის წევრი ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, საზოგადოების, მართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ელისო ჭანტურიძე