მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ _ 6 მაისსა და 23 ნოემბერს ზეიმობს.
მსოფლიო ეკლესიაში ამ დღეს მხოლოდ საქართველო აღნიშნავს.
წმინდა გიორგი კაბადოკიაში მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა. იგი ქრისტიანებისთვის გამზადებულმა სატანჯველმა ვერ შეაშინა. მან თავისი ქონება გლახაკებსა და დავრდომილებს დაურიგა და მეფის წინაშე წარსდგა: აღიარა ქრისტე და დაგმო კერპთმსახურება. განრისხებილმა დიოკლიტიანემ მისი წამება ბრძანა: იმპერატორმა სამაგალითო დასჯისათვის ისეთი წამების იარაღები შექმნა, რომლებსაც კაცობრიობა არც კი იცნობდა. საკვირველი ის იყო, რომ ყოველი აღსრულებული მოწამეობრივი აქტის შემდეგ, წმინდანი აბსოლუტურად უვნებელი იყო.
303 წლის 23 ნოემბერს, პარასკევ დღეს, ჯალათმა დაჰკრა მახვილი და წმინდა გიორგის წამება დაასრულა. წმინდა გიორგის სხეული პალესტინაში, ქალაქ რამალში დაკრძალეს. მის საფლავზე დღესაც უამრავი სასწაული ხდება. საქართველოში კი მისი მუხლის თავი ინახება. გიორგობას ყველა მართლმამიდებლურ ტაძარში აღევლინება წირვა-ლოცვა და მოეწმუნეები პატივს მიაგებენ მოწამეს.
ამ დღეს სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე დაესწრო. მან ტყიბულელ მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
წმინდა საკვირველმოქმედ და ძლევაშემოსილ გიორგის განსაკუთრებული პატივით და სიყვარულით იხსენიებს საქართველოს ეკლესია და ხალხი. მორწმუნეები ცდილობენ ამ დღეს წმინდა გიორგის სახელზე მეტი მოწყალება გაიღონ და კეთილი საქმე აკეთონ. ისევე როგორც 6 მაისს, 23 ნოემბერსაც გოგნის წმინდა გიორგის სალოცავზე მოსალოცად უამრავი ადამიანი მიდის. ამ დღეს გოგნის სალოცავზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელიც ავიდა და სანთლები დაანთო.
თეონა ჯანელიძე