თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, ზ. საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის დირექტორი არსენ გვენეტაძე ქ .ტყიბულიდანაა და დღემდე არ წყვეტს კავშირს მშობლიურ ქალაქთან. როგორი პროფესიული და შემოქმედებითი ცხოვრება აქვს ბატონ არსენს და რას უძღვნის ის საკუთარ „კოსმოსურ ახირებას“ ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:
– ბატონო არსენ, თქვენ აქტიური პროფესიული ცხოვრება გაქვთ. მოგვიყევით ამის შესახებ.
– აქტიური პროფესიული ცხოვრება ნამდვილად მაქვს, რადგან დილიდან საღამომდე კლინიკაში ვარ. ეს მოიცავს გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგის ყოველდღიურ საქმიანობას ოპერაციებს, პაციენტების მიღებას, ინ-ვიტრო განაყოფიერების პროცედურებს, ლექციებს სტუდენტებთან, გარდა ამისა უამრავი სხვადასხვა საჭირო შეხვედრა, კონსილიუმი და სხვა. ამ ღამით მივფრინავ ლონდონში 3 დღით, სადაც უნდა დავესწრო კონფერენციას, რომელზეც განიხილება ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე მომუშავე ევროპული კლინიკების მენეჯმენტი, შესაძლებელი იქნება გამოცდილების გაზიარება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კონფერენციაზე მიღებული ინფორმაცია თავადაც უნდა გავუზიარო ჩემს კოლეგებს. ეს არის ყოველდღიური ცხოვრება თავისი წარმატებითა და სირთულით.
– თქვენ ოქტომბრის თვეში ფილადელფიაში წარმატებულად გაიარეთ კურსი და გახდით ასტრონავტის სერტიფიკატის პირველი ქართველი მფლობელი. ეს თქვენი ოცნება იყო ?
– ეს ჩემი “მიზანი” იყოს, არ მიყვარს სიტყვები „ეს ჩემი ოცნებაა“, მე ვფიქრობ, რომ ადამიანმა სურვილები მიზნებად უნდა დაისახოს და ეს აძლევს მას ახალ ძალას, ახალ ენერგიას. ჩემი სურვილი იყო კოსმოსური სივრცის გაფრენებისთვის მოვმზადებულიყავი და ამ გზაზე ერთ-ერთი მნიშნელოვანი ნაბიჯი იყო თავისუფალი, მოყვარული ასტრონავტის კურსის გავლა და შესაბამისი სერტიფიკატის მიღება, რომელიც ადვილი ნამდვილი არ არის. ეს იყო ჩემი მიზანი და ის სრულად შევასრულე. ამ გზაზე, როგორც აღმოჩნდა, გავხდი პირველი ქართველი ასტრონავტი, რომელიც მზად არის, სერტიფიცირებულია კოსმოსურ სივრცეში ტურისტული გაფრენისთვის. კოსმოსში გაფრენის კონკრეტული თარიღი ჩემზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დაიწყება ფრენები. შესაძლოა ეს დაიწყოს 2015 წლიდან. ჩემამდე რიგში ასობით ადამიანია. როდესაც დადგება შესაბამისი დრო, თავადაც სიამოვნებით გავფრინდები. მე ვთქვი და მუდმივად გავიმეორებ, რომ ჩემს „კოსმოსურ ახირებას“ ვუძღვნი კიბოს პროფილაქტიკის საკითხებისადმი ყურადღების მიქცევას. არავისთვის დასამალი არ არის, რომ მე თვითონ მაქვს კიბოს ოპერაცია გადატანილი და რომ არა დროული დიაგნოსტიკა, დიდი ალბათობით, ახლა არათუ კოსმოსის მე-2 ეტაპზე ვიფიქრებდი.
– გარდა პროფესიული საქმიანობისა, გაქვთ საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება: გატაცებული ხართ ფოტოგრაფიით, წერთ ლექსებს…
– ფოტოგრაფია არაა ახალი. პირველი ფოტო-გამოფენის შემდეგ 6-7 პერსონალური გამოფენა მქონდა. ჩემი ფოტოების დიდი ნაწილი ქ. ტყიბულის #6 საჯარო სკოლაშია, დაახლოებით 100-მდე ფოტო, რომელიც პრაქტიკულად გადავეცი მშობლიურ სკოლას. იქ ძირითადი თემატიკაა: სამხრეთ და ცენტრალური აფრიკა, საქართველო. ამ ზაფხულს ვნახე პაპუა-ახალი გვინეა, სოლომონის კუნძულები. ეს არის მოგზაურობა, მოგზაური ადამიანის სული, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი „სისუსტეა“ და მეორე მხრივ, მნიშნელოვანი მოტივაცია. რა არის ჩემი მიზანი, როდესაც გამოფენას ვაკეთებ? ის რაც ვნახე, გავუზიარო ჩემს მეგობრებს და მათაც მიიღონ სიამოვნება. ეს ჩემთვის მატერიალურად მხოლოდ წამგებიანია და როგორც ფოტოგრაფი არ ვაპირებ თავის დამკვიდრებას, უბრალოდ მინდა ჩემმა მეგობრებმა მიიღონ ის სიამოვნება, რასაც მე განვიცდიდი.
ლექსები ახალი ახირებაა. ამა წლის გაზაფხულიდან დავიწყე, სულ 200-მდე ლექსი დაგროვდა და ერთ პატარა კრებულად დავბეჭდე. რამდენიმემ მითხრა, რომ გამომეცა ლექსების კრებული, თუმცა ამას არ ვაპირებ, რადგან ვთვლი, რომ დღეს ლექსების გამომცემელი უფრო მეტია, ვიდრე მისი მკითხველი. ჩემს მეგობრებთან ერთად, სადაც იქნება და არის სასიამოვნო, მე ვკითხულობ ამ ლექსებს. თავადაც მსიამოვნებს და ვისაც სიამოვნებს, უსმენს ჩემთან ერთად. ჩემს ლექსებში სხვადასხვა სერია და მოტივია, არის მაგალითად შეგონებები, მეგობრობის შესახებ, დროისა და ამინდის შესახებ, ჩემი ცხოვრებისეული აზრი და ხედვა, არის ასევე სტივ ჯობსის მოტივებზე შექმნილი ლექსებიც.
– თქვენ დღემდე არ წყვეტთ კავშირს მშობლიურ ქალაქთან, რას ნიშნავს თქვენთვის ტყიბული?
– ტყიბული ის ადგილია, სადაც დავიბადე და გავიზარდე, როგორც ცხოვრებამ აჩვენა მივიღე საკმაოდ კარგი განათლება, რომლითაც დღეს დედამიწის თავისუფალ ადამიანად ვგრძნობ თავს. 5 წელზე მეტია ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში „კარცერ-ლუქსი“ ფუნქციონირებს, სადაც არაერთმა ბავშვმა სხვა პრიზმით დაინახეთ სამყარო, მე ამას ვცდილობდი და ვცდილობ. რასაც ვახორციელებთ, ვაგრძელებთ და ვფიქრობთ, ეს თითოეული ყმაწვილისთვის ძალიან მნიშნელოვანია. მე, რა თქმა უნდა, მსიამოვნებს, როდესაც მივდივარ ტყიბულში და ეს უდიდესი ბედნიერებაა. სიმართლე რომ ვთქვა, ლონდონში კონფერენციაზე წასვლას, ხვალ ტყიბულში რომ მივდიოდე უფრო გამიხარდებოდა, თუმცა ეს ამჯერად საჭიროა, რასაც აუცილებლად მოჰყვება ტყიბულში ჩასვლა.
– დასკვნის სახით, რა არის თქვენი ცხოვრებისული კრედო, თქვენი მიზანი და სამომავლო გეგმები…
– ჩემი მიზანია უკეთესი გავხადო დედამიწის ის ნაწილი, სადაც მე ხელი მიმიწვდება, ჩემი პროფესიული შრომით, ცოდნით. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი და ჩემი მთავარი სიამოვნებაც. ერთი მიზანი მიიღწევა, ახალი სიმაღლე ჩანს, იმის შემდეგ კიდევ ახალი ინტერესია… ადამიანებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ შეუძლებელი არაფერია!
მარიამ კუბლაშვილი