სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „საწირე“ პირველი კოოპერატივია ტყიბულის მუნიციპალიტეტში, რომელმაც გაიმარჯვა არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი გაჭირვებაში (pin-ის), ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია “ელკანას“ და საქართველოს ახლგაზრდა ეკონომისტების ასოციაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და გრანტის სახით 26 000 ლარი მოიპოვა.

კონკურსი გასული წლის ზაფხულში გამოცხადდა და მის მიზანს წარმოადგენდა „მცირე ფერმერთა კოოპერაციისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა იმერეთსა და რაჭაში“.

კოოპერატივი „საწირე“ 2014 წელს შეიქმნა სოფელ საწირეში და მისი საქმიანობის ძირითადი მიზანია მეფრინველეობის დარგის განვითარება ტყიბულის მუნიციპალიტეტში. რისთვისაც კოოპერატივს წიწილების საჩეკი ინკუბატორი გადაეცა, რომელიც ერთდროულად 3 100 წიწილას გამოჩეკავს.

მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მალე შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს როგორც ერთიდღიანი წიწილი, ასევე გაზრდილი ქათმები ადგილობრივი და ეგრეთ წოდებული “ბროილერის“ ჯიშის.

ქათმების ფერმის მშენებლობა სოფელ დაბაძველში მიმდინარეობს და უკვე დასასრულს უახლოვდება. ფერმისათვის თანამედროვე სტანდარტების ინვენტარი გრანტის თანხებით იქნა შეძენილი.

პროექტის ფარგლებში კოოპერატივმა საჩუქრად ორგანიზაციიდან მიიღო იაპონური წარმოების „კუბეტას“ ფირმის ტრაქტორი თავისი ფრეზით, რითაც ფერმერები თავიანთ საკუთრებაში არსებული სახნავ-სათესი მიწის ფართობების დამუშავებას გეგმავენ და მიღებულ მარცვლეულს ქათმების ძირითად საკვებად გამოიყენებენ.

კოოპერატივი 6 წევრისაგან შედგება: ლევანი კევლიშვილი, ბესიკი კუბლაშვილი, თამარ ბოჭორიშვილი, გია ცირეკიძე, იოსებ კუბლაშვილი და ელისო ცირეკიძე. მათი თანაინვესტირება პროექტში შეადგენს 5000 ლარს ფულად და 6000 ლარს ნატურის სახით.

შეძენილი ინვენტარი და ტექნიკა კოოპერატივს გადაეცა თხოვების წესით. თვრამეტი თვის შემდეგ კი საგრნატო პროექტით გათვალისწინებული ყველა ძირითადი პირობის შესრულებისას კოოპერატივს ტექნიკა საჩუქრად გადაეცემა.

კოოპერატივის სამომავლო მიზანია ფერმერული მეურნეობის განვითარება, ახალი წევრების დამატება, ადგილობრივების დასაქმება და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება.

 

ლელა ზარნაძე