საქართველოში გავრცელებულია მსხვილფეხა პირუტყვის დაავადებები, როგორიცაა თურქული, ჯილეხი და ბრუცელოზი. დაავადებებისა და მისი მსხვილფეხა პირუტყვში გამოვლენის შესახებ, რა ზომებს ატარებს სახელმწიფო დაავადებების თავიდან ასაცილებლად და ასევე ფერმერთათვის საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსს – ბატონ ჯამბულ მაღლაკელიძეს:

_ თურქულიწყვილჩლიქიანი შინაური და გარეული ცხოველების მწვავე ვირუსული დაავადებაა. ცხოველები ავადდებიან ყველა ასაკში, დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს მოზარდში, შესაძლებელია მოზარდის სიკვდილიანობაც.

ინფექციის წყაროა თურქულით დაავდებული ცხოველი, რომლის ორგანიზმიდან ვირუსი გამოიყოფა ჯერ კიდევ ინკუბაციურ პერიოდში. ცხოველი გამოჯამრთელების შემდგომ დიდხანს რჩება ვირუსმტარებელი და ითვლება ინფექციის გავრცელების წყაროდ. ცხოველის თურქულით დასნებოვნება ხდება ავადმყოფ ცხოველთან კონტაქტით, ვირუსით დასვრილი საკვების, წყლის, ქვეშსაფენის, მოვლის საგნების მეშვეობით. ვირუსი ორგანიზმში იჭრება პირის ღრუდან და სასუნთქი ორგანოებიდან. ვირუსის შეჭრის ადგილას წარმოიქმნება პირველადი აფთები.

ჯილეხი – განსაკუთრებით საშიში ინფექციურ დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სეპტიცემიის ნიშნებით, მძიმე ინტოქსიკაციით და კარბუნკულების წარმოქმნით. ამ დაავადებით ასევე ავადდება ადამიანი. გამომწვევია სპორაწარმომქმნელი ბაქტერია „Bacillus anthracis“ ცხოველებში ჯილეხი ხშირ შემთხვევაში ვლინდება სპორებით დაბინძურებული საკვების ან მცენარეული საკვების მიღებისას. დაავადების მიმართ მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევა მსხვილფეხა პირუტყვი: ცხვარი, თხა, ცხენი.

ავადმყოფი ან მკვდარი ცხოველის ლეშიდან ბაცილების გამოყოფა ხდება ბუნებრივი ხვრელებიდან გამოყოფილი სითხეების საშუალებით. B. anthracis-ის ბუნებრივ რეზერვუარს წარმოადგენს ნიადაგი.

ადამიანის დაავადების ძირითად მიზეზს წარმოადგენს უშუალო კონტაქტი დაავადებულ ცხოველთან, მისი მოვლა, კონტაქტი ინფიცირებულ ლეშთან, ავადმყოფი ცხოველის დაკვლა, კონტაქტი ინფიცირებული ცხოველურ პროდუქტებთან, როგორიცაა ხორცი, ტყავი ან სხვა.

ბრუცელოზი – ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური დაავადებაა. ავადდება ყველა სახეობის შინაური ძუძუმწოვარი ცხოველი. ავადდება ადამიანიც. ბრუცელოზის პროფილაქტიკას და ლიკვიდაციას აქვს დიდი ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა.

დაავადების აღმძვრელია ბრუცელას (Brucella) გვარის ბაქტერიები. ბრუცელა გარემოში საკმაო მდგრადობით ხასიათდება. ინფექციის გადაცემა ხდება პირდაპირი კონტაქტით და არაპირდაპირი, დაინფიცირებული გარემო აირის ობიექტებით.

ადამიანს დაავადება ძირითადად გადაეცემა დაავადებულ ცხოველთან კონტაქტის ან ინფიცირებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გამოყენებით,როგორიცაა რძე და ყველი.

ინფექციის აღმძვრელის წყაროა დაავადებული ცხოველი, მიკრობი დიდი რაოდენობით გამოიყოფა სანაყოფე სითხეებთან და აბორტირებულ ნაყოფთან ერთად.

დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ლაბორატორიაში სისხლის სინჯების, აბორტირებული ნაყოფის და სანაყოფე სითხეების მიტანა. დიაგნოზი ისმება სეროლოგიური და ბაქტერიული კვლევების შემდგომ. ბრუცელოზით დაავდებული ცხოველები ექვემდებარებიან დაკვლას, მათი მკურნალობა არ ხდება.

_ როგორ ხდება დაავადებების გამოვლინება და რა სიპტომები აღენიშნება ამ დროს დაავადებულ მსხვილფეხა პირუტყვს?

_ თურქულის – კლინიკური ნიშნებიდან ცხოველს აღენიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება 41 გრადუსამდე, პულსი აჩქარებული, სუნთქვა გახშირებული. პირის ღრუს ლორწოვანი გაწითლებულია, ცოხნის დარღვევა, გაძლიერებული ნერწყვდენა, ჩლიქის მიდამოს შეშუპება. მოგვიანებით ავადმყოფის ცურზე, ჩლიქთაშორის ნაპრალში და ჩლიქის გვირგვინზე ვითარდება აფტები, რომლებიც სკდება და მის ადგილზე ეროზია ვითარდება, ამ დროს ცხოველის ტემპერატურა ნორმაზე ჩამოდის. ეროზიები 6-8 დღის შემდგომ რჩება თუ არ განვითარდა მეორადი ინფექციები.

ჯილეხით დაავადებულ ცხოველს ახასიათებს: მაღალი ტემპერატურა, უხასიათობა, ქოშინი, დიზენტერია ან ლორწოვანი გარსის შეშუპება, რასაც მოჰყვება კრუნჩხვები და უეცარი სიკვდილი. დაცემული ცხოველის ლეშს აღენიშნება: არასრული გაშეშება, შეუდედებელი სისხლი, სხეული გაბერილია, სისხლიანი გამონადენი ბუნებრივი ხვრელებიდან.

ბრუცელოზიანი ცხოველისათვის დამახასიათებელია აბორტი მაკეობის მეორე ნახევარში, ასევე მომყოლის შეჩერება, უნაყოფობა.

_ რა უნდა იცოდეს და როგორ უნდა მოიქცეს მსხვილფეხა პირიტყვის მეპატრონეები, რომ მათი პირუტყვი დაცული იყოს ამ დაავადებებისაგან?

_ ცხოველთა მეპატრონეებმა უნდა ითანამშრომლონ სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურებთან, რათა დროულად მოხდეს დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაციები (თურქული, ჯილეხი), ასევე სადიაგნოსტიკო კვლევები ქრონიუკული დაავადებების გამოსავლენად (ბრუცელოზი).

_ მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაციის შემთხვევაში რამდენხანს არ შეიძლება რძის მოხმარება?

_ ქვეყანაში თურქულის და ჯილეხის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გამოყენებულია მაღალი ხარისხის ვაქცინები და ვაქცინირებული ცხოველების რძის გამოყენება შეიძლება შეუზღუდავად.

_ ანტიბიოტიკების მიღებისას რამდენ ხანს არ შეიძლება პირუტყვის რძის მოხმარება? არის თვითნებურად მედიკამენტების დანიშვნის პრაქტიკაც, ხდება თუ არა ამის გაკონტროლება და რას ურჩევთ მათ ვინც თვითნებურად მკურნალობს დაავადებულ პირუტყვს?

_ ქვეყნის ვეტერინარულ ქსელში გაყიდვაშია მრავალი სახის ანტიბიოტიკი, თითოეულ მათგანს ინსტრუქციაში მითითებული აქვს რძეში მოცდის რეჟიმი. ანტიბიოტიკების თვითნებური გამოყენება ცხოველის ორგანიზმში აყალიბებს რეზისტენტობას ანტიბიოტიკების მიმართ, შესაბამისად შემდგომში ამ პრეპარატის გამოყენება აღარ იძლევა სასურველ შედეგს. ცხოველთა მეპატრონეებს ურჩევდით აუცილებლად მიმართონ კერძო ვეტერინარს მკურნალობისა და კონსულტაციისათვის

_ ტყიბულის მუნიციპალიტეტში თუ გამოვლინდა რომელიმე დაავადება?

_ ტყიბულში ბოლო წლებში არ დაფიქსირებულა ინფექციური დაავადებების: თურქული, ჯილეხი, ბრუცელოზი გამოვლინება.

_ სახელმწიფო მხოლოდ საყოველთაო აცრებს აკეთებს. თუ არის სოფლებში ვეტერინარები, რომლებსაც მსხვილფეხა პირუტყვის ავადმყოფობისას მეპატრონე მიმართავს კონსულტაციისთვის?

_ სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით საორიენტაციო გეგმების შესაბამისად, მათ შორის ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ანხორციელებს დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციებს (თურქული, ჯილეხი) და დიაგნოსტიკურ კვლევებს (ბრუცელოზი), რისთვისაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელშეკრულებით აყვანილია 10 ვეტერინარი სპეციალისტი. გარდა ამისა მათ აქვთ კერძო პრაქტიკის წარმოების უფლება.

_ თუ არის ტყიბულში ვეტ აქფთიაქი, სადაც შესაძლებელია პრეპარატების შეძენა?

_ ტყიბულში არის 2 ვეტ. აფთიაქი – გელათის ქ. N20, ექიმი ზაალ არაბიძე და რუსთაველის ქ. N5ა, ექიმი პავლე ჩაფიძე.

_ რას ურჩვდით მსხვილფეხა პირუტყვის მეპატრონეებს, რომ თავიდან აიცილონ სხვადასხვა დაავადებები?

_ მსხვილფეხა პირუტყვის მეპატრონეებს ვურჩევთ ითანამშრომლონ სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურებთან, ჩაერთონ ცხოველთა ვაქცინაციებისა და იდენტიფიკაციის უფასო პროგრამებში, ასევე მათი პირუტყვის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად აიყვანონ კერძო ვეტერინარი.

ასევე მსხვილფეხა პირუტყვში, ნებისმიერი დაავადების სიპტომის გამოვლინებისას დაუკავშირდნენ სურსათის ერონული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტ (ვეტერინარი ექიმი) ლია ვერულაშვილს. მისამართი: ტყიბული, კარლო ლომაძის მოედანი N3 ტელეფონის ნომერი: 595221173.

 

ლელა ზარნაძე