შეზღუდული შესაძლებლობების პირთა რესოციალიზაციისა და ადაპტაციის მიზნით ტყიბულში უკვე დიდი ხანია ორგანიზაცია „ნაბიჯი-ტყიბული“ შეიქმნა, რომლის დამფუძნებელიც გიგა სოფრომაძეა. იმის გამო, რომ განსაკუთრებული საჭიროების პირების პრობლემები მისთვისაც უცხო არ არის, გიგამ მათ დასახმარებლად მუნიციპალიტეტის მასშტაბით მდგომარეობა შეისწავლა და დღის ცენტრის გახსნა გადაწყვიტა.
“ორგანიზაცია „ნაბიჯი ტყიბული“ დაფუძნების დღიდან აქტიურად მუშაობს, რათა გააუმჯობესოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ყოველდღიური და ყოველმხრივი მდგომარეობა. გამოასწოროს და შეცვალოს ის არასწორი და უსამართლო მიდგომები, რაც წლების მანძილზე სერიოზულ ბარიერებად წარმოიქნება შშმ პირების წინაშე და ხელს უშლის მათ თანასწორუფლებიან, სრულფასოვან ცხოვრობას”, – აღნიშნა ორგანიზაციის დამფუძნებელმა ჩვენთან საუბრისას.
ცენტრის გასახსნელად ყოფილი მერვე საბავშვო ბაღის შენობა შეირჩა, რის შემდეგაც მისი იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამგეობასთან მიმდინარეობდა. 31 დეკემბერს კი უკვე აღნიშნული შენობა 10 წლის ვადით ორგანიზაცია „ნაბიჯი-ტყიბული“-ს სარგებლობაში გადასცეს. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ ამ დღეს ხელი თავად მოაწერა. როგორც გიგა სოფრომაძემ განაცხადა:
“ორგანიზაციის დაფუძნების დღიდან აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ტყიბულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან, დღის ცენტრისათვის საჭირო შენობის გადმოცემის საკითხზე. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი და მივიღეთ დიდი მხარდაჭერა. 2014 წლის 31 დეკემბერს, ორგანიზაცია „ნაბიჯი ტყიბული“ -ს, დღის ცენტრის გასახსნელად, შეღავათიანი პირობებით, 10 წლის ვადით გადმოეცა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, ვარდოსანიიძეების ქ. #29 -ში მდებარე ყოფილი მერვე საბავშვო ბაღის შენობა.
თანამშრომლობისა და გაწეული დახმარებისათვის მადლობა გვინდა გადავუხადოთ, საქართველოს პარლამენტის წევრს, ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს ქალბატონ ელისო ჩაფიძეს, მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ რობიზონ გვენეტაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ თამაზ კუბლაშვილს, ასევე ტყიბულის გამეგობისა და საკრებულოს აპარატის თითოეულ თანამშრომელს.
საინფორმაციო მხარდაჭერისათვის მადლობას ვუხდით საინფორმაციო სააგენტო „ოკრიბანიუსს“.
სარემონტო სამუშაოებისთვის თანხების მოძიება შენობის გადმოცემამდეც მიმდინარეობდა და თავისთავად ახლა უფრო აქტიურად გრძელდება. უკვე არაერთ ორგანიზაციას, კომპანიას თუ საელჩოს შევხვდით, რომლებთანაც შევიტანეთ ჩვენი პროექტი.
ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ახალი გარემომებები. ახალ პირობებში მუშაობისას, როცა შენობით სარგებლობის უფლება მოგვეცა და საელჩოებს თუ სხვადასხვა ორგანიზაციების ოფიციალურად მივმართეთ რემონტში დახმარების თხოვნით, მივიღეთ პასუხი, რომ, ვინაიდან ორგანიზაცია ახალი დაფუძნებულია, ისინი ვერ ითანამშრომლებენ ჩვენთან თუ არ იქნება იმის გარანტია რომ აღნიშნული საქმე ტყიბულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ანუ მოითხოვენ ორგანიზაცია „ნაბიჯი ტყიბული“-ს და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ერთობლივ, შეთანხმებულ მუშაობას.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან თავიდანვე მივიღეთ დახმარების პირობა, რაც უკვე გამოიხატა შენობით სარგებლობის უფლების მონიჭებაში და საიჯარო პირობებში. სხვა სახის თანამშრომლობაზე დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს და შედეგები სამომავლოდ გახდება ცნობილი.
აქვე მინდა ვთქვა რომ ძალიან გასახარი და მისასალმებელია, როცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, თავიანთი მუნიციპალიტეტის შშმ პირებს უყურებენ და აღიქვამენ როგორც თანასწორუფლებიან პირებს. სრულად იზიარებენ და ითავისებენ მათ პრობლემებს თუ საჭიროებებს და არ უყურებენ ისე როგორც მხოლოდ რიგით ამომრჩევლებს. მხოლოდ ამ პირობებში შეიძლება სწრაფი და ხარისხიანი შედეგების მიღწევა, რისი დიდი იმედიც გვაქვს”.
ცენტრის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, გეგმაშია მის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების შექმნა, სადაც პირველ რიგში მუშაობისათვის შესაბამისი შესაძლებლობის მქონე შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები დასაქმდებიან.
“დღის ცენტრი „ნაბიჯი ტყიბული“ მოვალეა უზრუნველყოს, შშმ პირებისათვის სხვადასხვა სახის თერაპიული, შრომითი და სოციალური აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს მათ სოციალურ-ადაპტაციური (მათ შორის, საყოფაცხოვრებო და პროფესიული) უნარების განვითარებას.
სოციალური ინტეგრაციის გაზრდის მიზნით, მოვალეა უზრუნველყოს მათი მონაწილეობა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ გამაჯანსაღებელ და სხვა ღონისძიებებში.
ცენტრის გახსნის შემდეგ, შშმ ბავშვებს ექნებათ ლოგოპედის, ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპევტის და მასაჟისტის სერვისით მომსახურების საშუალება.
დაფინანსების პირველი წყარო იქნება ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც ვაუჩერებს გასცემს ცენტრის ბენეფიციარებზე. ასევე დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები, სამინისტროები და საელჩოები, რომლებთანაც აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებას ვაპირებთ და რომლებიც უკვე ამუშავებულ საქმეს ბევრად მარტივად აფინანსებენ, ვიდრე დამწყებ სუბიექტებს. ასევე იდეაში გვაქვს გავხსნათ სოციალური საწარმოები, სადაც პირველ რიგში დავასაქმებთ მუშაობისათვის შესაბამისი შესაძლებლობის მქონე შშმ პირებს ან მათ ოჯახის წევრებს. სოციალური საწარმოს მოგებიდან მიღებული თანხა კი კანონის შესაბამისად დაირიცხება ცენტრის ანგარიშზე, მოხმარდება მის განვითარებას და დასახული მიზნების განხორციელებას. დღის ცენტრის პარალელურად ორგანიზაცია „ნაბიჯი ტყიბული“ იმუშავებს იმ არსებული პრობლემების მოგვარებაზე რაც შშმ პირებს ექმნებათ სახლიდან გამოსვლის შემდეგ, ხელს უშლის მათ განვითარებასა და საკუთარი თავის რეალიზებაში”, _ აღნიშნა გიგა სოფრომაძემ.
“„ნაბიჯი ტყიბული“ წარმოადგენს არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომლის მატერიალურ-ფინანსური ქონებაც გრანტებით, ქველმოქმედებით და უსასყიდლო შემოწირულობებით მიღებული თანხებით ან ნივთებით იქმნება, ამიტომ მათი სრულფასოვანი მუშაობისათვის, თითოეული თანაქალაქელის მხარდაჭერა და თანადგომა აუცილებელია.
ქველმოქმედების მსურველებს შეუძლიათ გადარიცხონ თანხა ააიპ “ნაბიჯი ტყიბულის“ ლარის ანგარიშის ნომერზე: ს.ს „ლიბერთი ბანკი“ ლარის ანგარიშის ნომერი: GE02LB0115173488156000. დოლარის ანგარიშის ნომერი: GE45LB0115173488156002. ევროს ანგარიშის ნომრი: GE72LB0115173488156001.
2014 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით მუნიციპალიტეტში 1700-ზე მეტი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირი ცხოვრობს, აქედან 35 არასრულწლოვანი. მათი უმრავლესობა კი სოციალურად დაუცველია.
თეონა ჯანელიძე