მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბი “თეთნულდი“ ნაქერალას ქედზე, ცხრაჯვარის სალოცავის მიმდებარედ გაჩეხილი ნაძვის ხეების შესახებ ინფორმაციას და ფოტო მასალას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს და შესაბამის ორგანოებს რეაგირებისაკენ მოუწოდებს. მასალას უცვლელად გთავაზობთ:

ცხრაჯვარზე ყოველი ასვლის შემდეგ გვხვდება ახალი გაკაფული ტყის ზოლი, თოვლის დადნობასთან და ცხრაჯვარის მისასვლელ გზასთან ერთად აქტიურდებიან და უმოწყალოდ ჩეხენ ჯანსაღ ხეებს. ეს ყველაფერი რომ უკანონობაა ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მუშაობენ და ხეებს ჭრიან ძირითადად მთელი ღამის განმავლობაში და რამოდენიმე დღის შემდეგ ადიან მოჭრილი ხეების ჩამოსატანად. უბედურება იმასთან ერთად რომ ჩვენს ბუნებას არ ვუფრთხილდებით, ისიც არის ეს ყველაფერი ხდება იქ, სადაც ძალიან ბევრი ხალხი მოძრაობს და წესით ეს ფაქტები შეუმჩნეველი არ უნდა დარჩენოდათ მათ, ვისაც ბუნების დაცვა ევალებათ. იქნებ ვინმემ მიაქციოს ყურადღება ამ საშინელ ფაქტს, თორემ ერთ დღესაც ხელში შეგვრჩება უტყეო და განადგურებული ცხრაჯვარი და ნაქერალას უღელტეხილი.

11335782_927394927317504_497921641_n

ამ საკითხთან დაკავშირებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ოფიციალურ განცხადებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

   „მოგზაურთა და მთასვლელთა კლუბისთეთნულდი“- მიერ სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, იმერეთში ნაქერალას ქედზე, ცხრაჯვართან ხეების გაჩეხვის ფაქტთან დაკავშირებით.

     აღნიშნულზე დეტალური ინფორმაციის მიღების უზრუნველსაყოფად სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ესაუბრა კლუბის წარმომადგენლებს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ფაქტის ადგილზე შესწავლისას სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აღრიცხული იქნა უკანონოდ მოჭრილი 60 ძირი სოჭისა და ნაძვის სახეობის ხეტყე, რომელთაგან მხოლოდ 5 ცალი სოჭისა და ნაძვის სახეობის ხე არის ადგილზე, დანარჩენი უკანონოდ მოჭრილი ხეტყე წაღებულია ჭრის ადგილიდან. ამ ეტაპზე დაუდგენელია ხის მჭრელის ვინაობა და მოჭრილი ხეტყის ადგილმდებარეობა და მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, გამოანგარიშებული იქნება ხეტყის უკანონოდ მოჭრით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, რის შედეგადაც გატარებული იქნება შესაბამისი რეაგირება.

მადლობას ვუხდი კლუბთეთნულდსაქტიურობისა და თანამშრომლობისთვის.