2015 წელს საქართველოს მთავრობის ინციციატივით თხილის სექტორის განვითარების პროგრამა დაიწყო. პროგრამას ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მასში შემავალი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის განვითარების სააგენტო.
პროგრამის მიზანია თხილის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნა, თხილის თვითღირებულების შემცირება და ექსპორტის შესაძლებლობების გაზრდა.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი სოფელ დარჩელში, უკვე დაიწყო ნაჭუჭიანი თხილის საშრობი მანქანა-დანადგარებისა და სასაწყობე ფართის მოწყობა. აღნიშნულ საწარმოს შესაძლებლობა ექნება ყოველდღიურად 24 ტონამდე ნაჭუჭიან თხილი გამოაშროს და 500 ტონამდე თხილი შეინახოს.
დარჩელის თხილის საშრობი და შესანახი საწარმო მოხმარებაში გადაეცემა კონკურსის წესით გამარჯვებულ თხილის კოოპერატივს, რომლის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 500 მეპაიეზე ნაკლები.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელს უწყობს სურსათის უვნებლობის ხელშეწყობასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას საქართველოში. კოოპერატივს, რომელსაც დარჩელის საწარმო მოხმარებაში გადაეცემა, ვალდებულია 2018 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის (Global GAP) დანერგვა, ხოლო 2019 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს იჯარით აღებულ საწარმოში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, თხილის საშრობის და სასაწყობე საწარმოს მშენებლობის დასრულება 2015 წლის აგვისტოს ბოლოსთვის არის დაგეგმილი. ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კოოპერატივის მოძიებისა და რეგისტრაციის პროცედურები მიმდინარეობს.
დამატებითი ინფორმაცია პროგრამისა და მასში მონაწილეობის შესახებ იხილეთ: http://acda.gov.ge/index.php/geo/static/160