„თავისუფალი დემოკრატების“ ტყიბულის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით კუბლაშვილმა ქუთაისში „ქართული ოცნების“ რეგიონალური ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის რიგების დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის და მისი თანამოაზრეები ერთგული რჩებიან იმ პრინციპებისა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს და ემიჯნებიან ირაკლი ალასანიას ორგანიზაციას. პარტიის დატოვების მიზეზად კუბლაშვილმა “თავისუფალი დემოკრატების” „ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსი დაასახელა.

„რაც ყველაზე სამწუხაროა, მათ თავიანთი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად შეარჩიეს ისეთი პარტნიორები, რომელთაც მე და ჩემი მეგობრები ვებრძოდით. ამიტომ ჩემი შემდგომი თანამშრომლობა „თავისუფალ დემოკრატებთან“ წარმოუდგენლად მიმაჩნია”,- განაცხადა კუბლაშვილმა
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რაში გამოიხატება, “თავისუფალი დემოკრატებისა” და „ნაციონალების“ კავშირი, კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ ეს პარტიები ერთი აზრისანი არიან მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით. “თავისუფალი დემოკრატები” ამ მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებენ, რაც მას, პირადად, მიუღებლად მიაჩნია.
კუბლაშვილმა ვერ დააკონკრეტა, თუ რამდენი წევრი ტოვებს პარტიას; „ჩემი მთელი გუნდი, ვინც ჩემს უკან დგას“,-განაცხადა მან, თუმცა რამდენ წევრს წარმოადგენს ეს გუნდი, ჟურნალისტებისათვის საიდუმლოდ დარჩა. როგორც მან აღნიშნა, ამ დრომდე პარტიის ტყიბულის ორგანიზაციაში 150 წევრი ირიცხებოდა.
კუბლაშვილი და მისი თნამოაზრეები, როგორც თავად აღნიშნა, “ქართულ ოცნებას” შეუერთდებიან.
ავტორი: ირინა მაკარიძე
www.newpress.ge