შსს-მ სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებლების გვერდებზე უნებართვო შეღწევის და ე.წ. ფიშინგ ვებ-გვერდის დამზადების ფაქტები გახსნა.
კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის მიზნით, სოციალური ქსელი Facebook-ის ავტორიზაციის მსგავსი ვებ-გვერდის – ე.წ. ფიშერის დამზადების, აღნიშნული ფიშერისა და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით სოციალური ქსელის სხვადასხვა მომხმარებლის პროფილებზე უკანონო შეღწევის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში 1992 წელს დაბადებული ვასილ ქ. და 1983 წელს დაბადებული რაინდი კ. მიეცნენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ვასილ ქ-მ მიმდინარე წლის თებერვალში, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და სხვისი კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვების მიზნით, სოციალურ ქსელ Facebook-ის ავტორიზაციის მსგავსი ვებ-გვერდი დაამზადა დომეინით – htt://facebook-photos.ga/gggg44. ამის შემდეგ, ვასილ ქ. სოციალურ ქსელ Facebook-ში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა შინაარსის პოსტებს ათავსებდა, სადაც ბმულის სახით მის მიერ დამზადებულ ვებ-გვერდს უთითებდა. დაინტერესებული მომხმარებელი აღნიშნული პოსტის გახსნის შემთხვევაში, ბმულზე გადასვლისას, ვასილ ქ-ს მიერ დამზადებულ ყალბ გვერდზე ხვდებოდა, სადაც ხელახალი ავტორიზაცია უნდა გაევლო. ავტორიზაციისას Facebook-ის მომხმარებლის სახელი, პაროლი იგზავნებოდა და ინახებოდა ვასილ ქ-ს მიერ ვებჰოსტინგზე სპეციალურად შექმნილ ფაილებში. გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნულ ფაილებში აღმოჩენილია Facebook.com-ის 1010 მომხმარებელის სახელი და პაროლი. უკანონოდ მოპოვებული, ზემოხსენებული მონაცემების გამოყენებით, ვასილ ქ. უნებართვოდ აღწევდა სოციალური ქსელი Facebook-ის მომხმარებელთა გვერდებზე და აღნიშნულ მომხმარებლებს მის მიერ სპეციალურად, რეკლამების განთავსების მიზნით შექმნილ ჯგუფში უნებართვოდ ამატებდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ რაინდი კ-მ, სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვა, შეაღწია და დაშვების პაროლები შეუცვალა Facebook-ის მომხმარებლებს. შემდეგ აღნიშნული მომხმარებლების სახელით, მათი პროფილებიდან რეკლამებს პოსტავდა, რაშიც რეკლამის დამკვეთისაგან ანაზღაურებას იღებდა. რაინდი კ-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებულ კომპიუტერულ სისტემებში აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული, Facebook-ის 1210 მომხმარებლის სახელი და პაროლი.
ამჟამად მიმდინარეობს სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებლებისთვის პროფილების დაბრუნება.
გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი, 158-ე მუხლის 1-ლი და 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით.