ქუთაისის დავით კაკაბაძის სამხატვრო გალერეაში საქველმოქმდეო გამოფენა გაიმართა,
ტყიბულის N5 საბავშვო ბაღის გადასარჩენად ქვეყნის 70 მხატვარი გაერთიანდა, რომელთა ნამუშევრებიც გამოიფინა გალერეაში.
აქციის ორგანიზატორის, ლუიზა ლაფერაძის განცხადებით, ტყიბულიში არსებული N5 საბავშვო ბაღი, რომელიც დღემდე საბჭოური ინვენტარითაა აღჭურვილი, უამრავი სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუციის სახეა.
“საბავშვო ბაღი არის განათლების სისტემაში პირველი, ყველაზე ხანმოკლე, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი, საიდანაც იწყება მოზარდის პიროვნების ჩამოყალიბება, მისი სოციალიზაცია. საბავშო ბაღში არსებული მდგომარეობა აისახება მცირეწლოვანი მოზარდების ფსიქიკაზე, სამუდამოდ აღიბეჭდება მათ მეხსიერებაში, ერთი ბაღის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ნიშნავს წელიწადში საშუალოდ 40 მცირეწლოვანი მოზარდისათვის პირობების გაუმჯობესებას”, – აღნშნავს ლუიზა ლაფერაძე.
საქველმოქმედო გამოფენას იმერეთის გუბერნატორიც დაესწრო. როგორც გივი ჭიჭნაძემ აღნიშნა, რეგიონში საბავშვო ბაღები ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, თუმცა ყველა ბაღის რეაბილიტაცია ერთდოულად ვერ ხერხდება.
გამოფენას ასევე ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.