ტყიბულში N1 და N6 საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებს საინფორმაციო გაკვეთილი ჩაუტარდათ ნარჩენების მართვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
არასამთავრობო ორგანიზაციის „სპექტრის“ წარმომადგენელმა ელენე გამყრელიძემ მოსწავლეებთან ისაუბრა ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: ნარჩენები- გარემოს დაბინძურების წყარო; ნარჩენების მართვის იერარქია; ნარჩენები, როგორც სასარგებლო რესურსი და მათი გადამუშავება. ყურადღება გამახვილდა ნარჩენების დახარისხებულ შეგროვებაზე და ამ საქმეში ახალგაზრდების როლზე. მოსწავლეებთან ერთად საინფორმაციაო გაკვეთილს მათი პედაგოგებიც ესწრებოდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ეს მეორე საინფორმაციო შეხვედრა იყო ტყიბულის N1 და N6 საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.პირველი შეხვედრა გასული წლის დეკემბერში გაიმართა სკოლის უფროსკლასელთათვის. შეხვედრები სკოლებში იმართება პროექტის „ნარჩენების მართვის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ ფარგლეში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებენ იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდიTDF და ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი.
აღსაიშნავია რომ,გასულ წელს აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქ. ტყიბულის ტერიტორიაზე დაიდგა სპეციალური კონტეინერები პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად, ხოლო N1 და N6 საჯარო სკოლებში, ასევე ტყიბულის გამგეობის შენობაში განთავსდა სპეციალური კონტეინერები მაკულატურისათვის. ამ ეტაპზე ტყიბულში შექმნილია პირობები ორი სახის ნარჩენების (პლასტმასისა და მაკულატურის) დახარისხებული შეგროვებისათვის.
თეონა ჯანელიძე;გიორგი სულაძე