ტყიბულში გაფიცული მეშახტეები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს წერილით მიმართავენ.
წერილში შპს “საქნახშირის” ტყიბულის ნახშირმომპოვებელი საწარმოს მეშახტეები ითხოვენ, დაუყოვნებლივ აღსრულდეს კომპანიასა და პროფკავშირს შორის 2011 წლის 3 თებერვალს დადებული შეთანხმების შეუსრულებელი პუნქტი.
“კერძოდ, 2011, 2012, 2013, 2014 და 2015 წლებში საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინდექსაციის მაჩვენებლების შესაბამისად მოხდეს ხელფასების ინდექსაცია, რაც საერთო ჯამში შეადგენს 14,2%-ს. 2011 წელს კომპანიასა და პროფკავშირებს შორის გაფორმებული შეთანხმების დანარჩენ შეუსრულებელ პუნქტებთან(მათ შორის კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება), მეშახტეთა დანარჩენ საგაფიცვო მოთხოვნებთან და კომპანიის ადმინისტრაციის მიერ 2016 წლის თებერვლის მიმდინარე გაფიცვის დროს გაკეთებულ სხვა შემოთავაზებებთან დაკავშირებით, მოხდეს შეთანხმებაზე მხარეთა ხელმოწერების განახლება და მათი შესრულება გაიწეროს ეტაპობრივად, მხარეთა მიერ შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად.
პროფესიულ კავშირთა საერთაშორისო კონფედერაციის პანევროპული რეგიონალური კომიტეტის პრეზიდენტს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს ვთხოვთ ჩაერთოს და ასევე ჩართოს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტი და ეკონომიკურ-ანალიტიკური სამსახური მხარეებს შორის წარმოშობილ შრომით დავაში, წარმოადგინოს ჩვენი უფლებები და ინტერესები კომპანიასთან ურთიერთობების პროცესში შრომით და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით”, – ნათქვამია მეშახტეთა წერილში.