თერჯოლის დღის ცენტრის „იმედის სხივი“-ს ბენეფიციარებმა ცენტრში საკუთარი ნახატებისა და გობელენზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.
ასევე წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები ქართული სიმღერისა და ცეკვის შესრულებით. მათ განათლებასა და კარგი პირობების შექმნაზე ყოველდღიურად ცენტრის პერსონალი ზრუნავს.
ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ტყიბულის“ ორგანიზებით გაიმართა. როგორც ორგანიზაციის დირექტორმა გიგა სოფრომაძემ განაცხადა, ღონისძიება პროექტ „ზრუნვა შშმ პირების შესაფერისი და სტიმულირებული გარემოსათვის“ ფარგლებში მსოფლიო ბანკის და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ – PIN-ის დაფინანსებით გაიმართა და მიზნად ისახავდა დამთვალიერებლებისათვის კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ შშმ პირთა შესაძლებლობები და შეეცვალათ მათ მიმართ დამკვიდრებული არასწორი შეხედულებები.
გამოფენაში მონაწილე დღის ცენტრის ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ორგანიზაცია „ნაბიჯი ტყიბული“ პროექტის ფარგლებში კვლავ გეგმავს დღის ცენტრში ღონისძიების გამართვას და მათთვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკის და თერაპიული დანიშნულების ინვენტარის გადაცემას.
გამოფენას სტუმრებთან ერთად თერჯოლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც დღის ცენტრის ბენეფიციარებს დაჰპირდნენ, რომ მათთვის კომპიუტერულ ტექნიკას შეიძენენ და საჩუქრად გადასცემენ.
თეონა ჯანელიძე
გიორგი სულაძე