“რამდენიმე ათეული წელი გავიდა, რაც ხალხს არავინ არაფერს ეკითხებოდა და ამან თავისი ცუდი შედეგი გამოიღო. ახლა ჩვენ ამ შედეგის დაძლევა გვიწევს”
ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებისათვის მუნიციპალიტეტებში სოფლის საერთო კრებების ჩატარება უკვე დაიწყო. თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აღნიშნავს, მოსახლეობის ინფორმირების და კრებების ჩამოყალიბების კუთხით, პრობლემები არსებობს.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 22 ივლისს მიღებული კანონი მუნიციპალიტეტებში სოფლის/დაბის/ქალაქის საერთო კრებების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საერთო კრება დასახლებისა და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და ამ ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას უზრუნველყოფს, თუმცა, კრებების შედეგების შესახებ სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას სხვადასხვა გამოცდილება აქვს.
როგორც სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (“სიდა”) ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი აღნიშნავს, მისი ორგანიზაციის მიერ, სოფლებში ჩატარებული 80 შეხვედრიდან გაირკვა, რომ თვითმმართველობები ერიდებიან საკუთარი ინიციატივის აქტიურად გამოხატვას და სოფლის კრებების მიმართ განსაკუთრებული ენთუზიაზმი არც მოსახლეობაში შეინიშნება:
“ჩვენ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 80-მდე სოფელში შევედით; ვიმუშავეთ როგორც მუნიციპალიტეტებთან, ასევე მოსახლეობასთანაც, რომლებთანაც საინფორმაციო შეხვედრები გვქონდა. გამოირკვა, რომ ზოგან თვითმმართველობები ერიდებიან საკუთარი ინიციატივის აქტიურად გამოხატვას, შეინიშნებოდა რომ სამინისტროდან ელოდებოდნენ დავალებების მიღებას. მეორე პრობლემა კი ისაა, რომ განსაკუთრებული ენთუზიაზმი სოფლებშიც არ შეინიშნებოდა. თუმცა, მაინც ვცდილობდით, რომ მოსახლეობისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ყველა იმ საფეხურის შესახებ, რაც უნდა გაიაროს ამ პროცესმა ინიციატივის გამოჩენიდან _ კრების ჩამოყალიბებამდე.
კანონმდებლობით კრების ფორმირების რამდენიმე ვერსია არსებობს _ ერთი მხრივ, შეიძლება გამგეობა იყოს ინიციატორი და მეორე მხრივ, თვითონ მოსახლეობა”, _ აღნიშნავს დევდარიანი და დასძენს, რომ კრების მოწვევის და ჩამოყალიბების პროცედურა რთულია.:
“იმ შესაძლებლობებს, რასაც კრება იძლევა თუ შევადარებთ პროცედურას, რაც მოსახლეობამ უნდა გაიაროს კრების ჩამოსაყალიბებლად, ერთმანეთთან შესაბამისობაში მთლად ვერ მოდის. მაგალითად, კომპეტენციების და უფლებამოსილებების ნაწილში მინიმალისტურია ის ვერსია, რაც დღესდღეობით კანონში გვაქვს. რაღაცნაირად უნდა მოხდეს მოსახლეობის წახალისება, რომ მოსახლეობა თვითმმართველობასთან კომუნიკაციაში აქტიურად ჩაერთოს. თითქოს რჩეული არის იმის შესაძლებლობა, რომ სოფლის მიერ არჩეული ადამიანი პირდაპირ იყოს თვითმმართველობასთან კავშირში, მაგრამ მის არჩევამდე, კრების მოწვევა და ჩამოყალიბება იმდენად რთული პროცესია, თუ ამ ადამიანებს ვინმე არ დაეხმარა, განხორციელება რთული იქნება. გამოდის, რომ რჩება მეორე ვერსია, გამგეობების ინიციატივით მოხდეს კრებების მოწვევა. აქ კი, სამწუხაროდ, შეიძლება ეს კრებები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ამის პრაქტიკული მაგალითები უკვე გვქონდა.
როგორც გითხარით, 80-მდე სოფელში იყო საინფორმაციო შეხვედრა. ნაწილში წავახალისეთ კრებების შექმნის პროცესი; შეტანილია განცხადებები, რასაც წესით, კრების ჩამოყალიბება უნდა მოყვეს. დაახლოებით 30-40 სოფელში რომ შეიქმნას, ეს უკვე მიღწევა იქნება. დავაკვირდებით, რამდენად რთული იქნება პროცესი; თუ აღმოჩნდება, რომ ტექნიკურ სირთულეებთანაც გვაქვს საქმე და სავარაუდოდ იქნება კიდეც, ამ საკითხს სხვა ფორმატში დისკუსიის საგნადაც გავხდით. თუ გვინდა რეალურად წახალისდეს მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობაში, ალბათ, ამ კრების შექმნის პროცედურებიც უფრო მარტივი უნდა იყოს, რომ ადამიანებს, ძალიან დიდი ძალისხმევის გარეშე უნდა შეეძლოთ ფორმალიზება და არა ისე რთულად, როგორც ეს დღეს კანონმდებლობით არის მოცემული”, _ აღნიშნავს დევდარიანი.
მისივე თქმით, კანონმდებლობის გამარტივების გეგმა ჯერჯერობით არ აქვთ, თუმცა, შესაძლოა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამაზეც იფიქრონ:
“კანონს ვინც წაიკითხავს, დაიბნევა, იმდენად ბევრი გზა და საფეხურია გასავლელი იმისთვის, რომ ინიციატივა გამოითქვას მოქალაქეთა ნაწილის მხრიდან, შემდეგ ეს ინიციატივა კრებად იქცეს. 5-6 საფეხური მაინც არის გასავლელი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გზა გასამარტივებელი იქნება. რა გზით, ამაზე უკვე ხედვებს შევიმუშავებთ და შემდეგ წარმოვადგენთ. ჯერჯერობით, კრების შექმნის პროცესში ვართ, განცხადებები შევიტანეთ და ველოდებით ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან როგორი ადეკვატური ნაბიჯები იქნება გადადგმული”, _ ამბობს დევდარიანი.
მისივე თქმით, 80 სოფლიდან, სადაც სიდა-მ შეხვედრა ჩაატარა, არცერთ სოფელში არ დაფიქსირებულა მოსახლეობის მზაობა, რომ კრების ჩატარების სურვილი მათ თავად გამოეთქვათ:
“არსად მოსახლეობამ არ იცოდა ამ კრების შესახებ. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შემთხვევას, როდესაც ჩვენც ჩავედით და ადგილობრივმა გამგეობამ პარალელურად ჩაატარა კრება. ოღონდ ეს ძალიან ერთეული შემთხვევებია. სხვაგან, სადაც მივდიოდით, მოსახლეობას ეს ინფორმაცია არ ჰქონდა, არა მხოლოდ სოფლებში, თვითმმართველობებშიც შეხვედრები რომ იმართებოდა, შეიძლება ითქვას, კრებების ორგანიზების კუთხით ყველას ერთნაირი ინფორმირების დონე და მზაობა არ იყო. ზოგან ჰქონდათ ეს ინფორმაცია, გეგმავდნენ კიდეც რაღაცას, ზოგან განხილვის ეტაპზე იყო, ზოგან კი არც ფიქრობდნენ, რომ ეს მნიშვნელოვანია. კანონიც ისეთია, რომ რეალურად, სოფლის კრებების შექმნის ინიციატივა სურვილის ნებაზეა და სავალდებულო არ არის. თანაც, ადგილზე თვითმმართველობები მიჩვეულები არიან ცენტრისგან დავალებას და თუ ეს დავალება სავალდებულო არ არის, ამ ნაწილში მაინცდამაინც დიდი ინიციატივით შეიძლება არ გამოირჩეოდნენ”, _ ამბობს დევდარიანი და დასძენს, რომ ორგანიზაცია სოფლებში მოსახლეობის ინფორმირებას მანამ გააგრძელებს, სანამ კრებები არ ჩატარდება.
“დაახლოებით ერთი თვე კიდევ ვიმუშავებთ, რომ კრებები ჩავატაროთ. შემდეგ კი ვიფიქრებთ, პროცესი როგორ გავაგრძელოთ”, _ აღნიშნავს დევდარიანი.
ფონდის “ტასო” ხელმძღვანელი მარინა თაბუკაშვილი, რომელიც სოფლებში არსებულ რეალობას კარგად იცნობს, ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობის დაწყებამდე სხვა მოლოდინები ჰქონდათ, თუმცა, ადგილზე რეალურად სულ სხვა პრობლემებია გადასაჭრელი.
მისი თქმით, კრებების ჩატარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სირთულე მოუწესრიგებელ საარჩევნო სიებშია:
“ჩვენი ორგანიზაციის 13 სხვადასხვა გუნდი 19 სოფელში მუშაობს; თითქმის ყველგან ვაწყდებით პრობლემას, რომ არ არის დამტკიცებული საარჩევნო სიები. თქვენ იცით, რომ რეგისტრირებული ამომრჩევლის 20% მაინც უნდა დაესწროს კრებას, რომ ის უფლებამოსილი იყოს და საქმე ისე წავიდეს, როგორც ამას კანონი ამბობს. მაგრამ საქმე ის არის, რომ სიები დამტკიცებული არ არის. ამის გამო, ჩვენს ჯგუფებს ადგილობრივ გამგეობებთან უწევთ თანამშრომლობა, რომ ეს სიები თვითონ დააზუსტონ, შემდეგ კი, ხელისუფლებამ საარჩევნო სიად, სწორედ ეს გადამოწმებული მონაცემები ცნოს.
ასე იმუშავა სათემო ორგანიზაციამ “ლელი” და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. ეს კი პროცესს დროში ძალიან წელავს”, _ ამბობს თაბუკაშვილი.
მეორე სირთულე, რომელზეც ფონდი “ტასოს” ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს, სოფელში რეგისტრირებული მოსახლეობის ადგილზე არყოფნა წარმოადგენს:
“ბევრი ადამიანი, რომელიც რეგისტრირებულია სოფელში, სინამდვილეში იქ არ ცხოვრობს. კანონი კი ამბობს, რომ საერთო კრებას ამომრჩევლის 20% უნდა დაესწროს; ანგარიშობს იმ რიცხვიდან, რომელიც რეალურად იქ არ ცხოვრობს. ეს სირთულე პიკს აღწევს ენგურისპირა სოფლებში, სადაც ნახევარი, თუ მეტი არა, გადასულია გალში და იქ ცხოვრობს, თუმცა ე.წ. “საზღვრის” აქეთ არის რეგისტრირებული. არჩევნების დღეს ეს ხალხი გადმოდის და ხმას აქეთ აძლევს, მაგრამ სოფლის საერთო კრებაზე, შესაძლოა, ვერ გადმოვიდეს. როგორც ყოველთვის, ცხოვრებაში არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები და ამ განსაკუთრებულ შემთხვევებს კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს. უნდა დაიწეროს დოკუმენტი, რასაც თვითმმართველობაც გაიზიარებს, რომ თუ ადგილზე არ არის მოსახლეობა, ვერ იკრიბება ამომრჩევლის 20% საერთო კრების ჩასატარებლად, ეს არ არის დასახლება? არის ბევრი სოფელი, სადაც 2 ოჯახი ან საერთოდაც, ერთი ადამიანია დარჩენილი, ეს რეალური კონტექსტი ძალიან კარგად არის გასათვალისწინებელი, როდესაც ასეთი სიახლეები იწერება კანონში. ეს სირთულეები უნდა აღიწეროს; ჩანაწერებს დღიურებივით ვაკეთებთ, რომ ანგარიშში ცალკე თავად, სამომავლოდ გასათვალისწინებელ საკითხებად მივაწოდოთ როგორც დონორს, ასევე სამინისტროსაც”, _ აღნიშნავს თაბუკაშვილი და დასძენს, რომ სოფლის კრების ჩამოყალიბებას არა აქვს იმდენად დიდი მნიშვნელობა, რამდენადაც მოსახლეობის შეგნებულ მონაწილეობას ამ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში:
“თვითმმართველობა ოდესღაც ამ საკითხს მიადგებოდა, მაგრამ როდესაც ადგილზე მოსახლეობა აცნობიერებს, რომ სოფლისთვის საჭირო საკითხი, თუნდაც ის რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იყოს მოსაგვარებელი, მნიშვნელოვანია მოწესრიგდეს, ამაშია ზუსტად საერთო კრების სიკეთე. ყველა შემთხვევაში ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე კანონმდებლობაში, ეს არის კანონის სიკეთე, რომლის გახორციელებაც მთლიანად მოსახლეობის მზადყოფნაზეა დამოკიდებული. თუმცა, ხალხის მოყვანა ამ კრებაზე და ცნობიერების ამაღლება, მონაწილეობა, ანალიზი სამუშაო საქმეა. თუმცა მე იმას არ ვამბობ, რომ ხალხი მზად არ არის ან წინააღმდეგია. რამდენიმე ათეული წელი გავიდა, რაც ხალხს არავინ არაფერს ეკითხებოდა და ამან თავისი ცუდი შედეგი გამოიღო. ახლა ჩვენ ამ შედეგის დაძლევა გვიწევს”, _ აღნიშნავს მარინა თაბუკაშვილი.
სტატია მომზადებულია პროექტის _
“თვითმმართველობაში სოფლის მოსახლეობის ჩართვის მხარდაჭერა”.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”.
შინაარსზე პასუხისმგებელია “საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი”