ტყიბულში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 37-ვე საარჩევნო უბანი კანონით განსაზღვრულ დროს 7 საათზე გაიხსნა, ხოლო ხმის მიცემის პროცედურა კი 8 საათზე დაიწყო.როგორც ცნობილია, ტყიბულის მუნიციპალიტეტში გამგებლობისათვის სამი კანდიდატი იბრძვის.
ტყიბულის #57 საარჩევნო ოლქში საარჩევნო პროცესი ყველა უბანზე ერთდროულად დაიწყო. დილის 7 საათზე მუშაობას შეუდგა ასევე აღნიშნული ოლქის #33-ე საუბნო კომისიაც, სადაც უბნის გახსნასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა კანონის შესაბამისად განახორციელეს. აღნიშნულ უბანზე ამომრჩევლის აქტივობა დილიდანვე მაღალი იყო. რვა საათისთვის საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად აქ ათამდე ადამიანი მივიდა.
ცესკო-ს მონაცემებით წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის საქართველოში სულ 73 საარჩევნო ოლქი და 3 617 საარჩევნო უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 3 429 748-ს შეადგენს. უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა ერთდროულად 20 საათზე შეწყდება.
თეონა ჯანელიძე