უკვე რამდენიმე თვეა ქ. ტყიბულის ქუჩებში პლასტმასის ნარჩენებისათვის სპეციალური კონტეინერები დაიდგა.
4 მათგანი ქალაქის ცენტრში, სპეციალურად შერჩეულ ადგილებში დგას. შერჩევისას გათვალისწინებული იქნა ამ ადგილებში მოსახლეობის მოძრაობის ინტენსივობა და მუნიციპალიტეტში ამ პრობლემების მოწესრიგებით დაინტერესებული მხარეების აზრი.
კონტეინერში განთავსებული პლასტმასის ნარჩენები ადგილობრივ თვითმმართველობას სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე გადააქვს და აგროვებს, რათა შემდეგ მოხდეს მისი რეალიზაცია, შემდგომი გადამუშავების მიზნით.
ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავს რომ, კარგი გადაწყვეტილებაა ქალაქში პლასტმასის ნარჩენებისათვის სპეციალური კონტეინერების განთავსება: „მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ქალაქის ქუჩებში დგას ასეთი ლამაზი კონტეინერები, თავიდან რომ შევხედეთ გაოცებას ვერ ვმალავდით იმდენად მოგვეწონა და გაგვიხარდა, რომ ჩვენთან ასეთი ტიპის კონტეინერები გამოჩნდა, იმ დღის შემდეგ ვცდილობთ პლასტმასის ნარჩენები მხოლოდ მათში ჩავყაროთ. მადლობა მათ, ვინც მოიფიქრა ასეთი რამის გაკეთება“, ამბობენ ტყიბულელები.
კონტეინერები ტყიბულში იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ და „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი“ TDDF-ის ერთობლივი პროექტის „ნარჩენების მართვის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ ფარგლებში დაიდგა. პროექტი საქართველოში აშშ საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება.
ამავე პროექტის ფარგლებში, ასევე განხორციელდა მაკულატურის შესაგროვებელი კონტეინერების განთავსება საპილოტედ შერჩეულ ტყიბულის N1 და N6 საჯარო სკოლებში.
მაკულატურის კონტეინერები ასევე დაიდგა ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ქაღალდის ნარჩენების შეგროვების პროცესი.
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრმა“ პროექტის ფარგლებში ზემოთ აღნიშნულ სკოლებში ჩაატარა საინფორმაციო გაკვეთილები ნარჩენების მართვის საკითხებზე.
დაინტერესებული მხარეებისათვის ასევე გაიმართა ტრეინინგები ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების შესახებ.
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ და „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდ TDDF-ის“ თანამშრომლობა რამდენიმე წელია წარმატებულად მიმდინარეობს. ისინი ერთობლივად ახორციელებენ გარემოსდაცვით პროექტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მომსახლეობისათვის.
თეონა ჯანელიძე
გიორგი სულაძე