ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ელისო ჩაფიძე და მეგობრობის ჯგუფის წევრები ეკა ბესელია და კობა სუბელიანი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის (პარლამენტის) ვიცესპიკერს, ისრაელი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს,ჰილიკ ბარს შეხვდნენ, რომელიც საქართველოში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.
ჰილიკ ბარმა ქართველ პარლამენტარებს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავი მიულოცა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე, კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და სხვა საკითხებზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ელისო ჩაფიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ორივე ქვეყანას ძალიან გვაწუხებს ჩვენი ქვეყნების გარშემო არსებული კონფლიქტები და მათგან გამომდინარე პრობლემები. ჩვენ ბატონი ჰილიკ ბარი, რომელიც საქართველოს და ქართული იდეების ლობისტია ისრაელში, ჩავაყენეთ საქმის კურსში იმ ტრაგიკული მოვლენების შესახებ, რომელიც ხურჩაში მოხდა.
ვისაუბრეთ მომავალ საპარლამენტო არჩევებზეც. გამოვთქვით სურვილი, რომ ქნესეთიდან ასევე იყვნენ დამკვირვებლები, რომლებიც არჩევნების მშვიდობიანად და სამართლიანად ჩატარებას დააკვირდებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ, ასევე, გვქონდა საუბარი უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. გავიხსენეთ გასულ წელს ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარის, იული ედელშტეინის საქართველოში ვიზიტი, რომელიც ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იყო. ქართველ სასულიერო პირებს იერუსალიმში რამდენიმე საკითხი აწუხებდათ, რომელთა მოგვარებაშიც ბატონი ედელშტეინი და ქნესეთი დაგვეხმარა, რისთვისაც მადლობა გადუვუხადეთ ისრაელის პარლამენტის ვიცესპიკერს.
შეხვედრაზე წარმოიშვა იდეა, რომ უვიზო მიმოსვლის პარალელურად როგორც მოლდოვას, ასევე საქართველოს გარკვეული კვოტები მისცეს ისრაელმა. რადგან არალეგალურად ძალიან ბევრი ადამიანი ჩადის ისრაელში, ამ თვალსაზრისით გარკვეული პრობლემებია და აღნიშნული ურთიერთოებების ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევა კიდევ უფრო წაახალისებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.
სიამოვნებით აღვნიშენთ, რომ როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან გაზრდილია ტურისტების რაოდენობა. ისრაელი პირველი ქვეყანაა ტურისტული ნაკადებით საქართველოში. საქართველოს ისრაელში ძალიან კარგი იმიჯი აქვს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს იმიჯი არ შევლახოთ და კიდე უფრო პოზიტიური შთაბეჭდილება შევუქმნათ ჩვენს ებრაელ კოლეგებს“.
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის ინფორმაცია და ფოტო.www.parliament.ge