“წმინდა ცხრაჯავარის მადლი შეგვეწიოს”, ამ სიტყვებს ხშირად ჩვენი მხარის მცხოვრებთა სუფრაზე _ ოკრიბაში თუ გაიგონებთ, ოკრიბელები ხომ ტყიბულის სადღეგრძელოს ცხრაჯვარის სალოცავის “თამადობით” ამბობენ.
ყველაზე გავრცელებული გადმოცემის თანახმად მრავალი წლის წინათ სოფელ ძიროვანში მამულიშვილები სრულწლოვან ასაკს ვერ აღწევდნენ, ისინი სხვადასხვა ავადმყოფობებითა და უბედური შემთხვევებით იღუპებოდნენ, სოფლის მოსახლეობამ კი გამოსავალი ღმერთის რწმენაში დაინახა და სოფლის ყველაზე მაღალ ადგილზე, ცხრაჯვარის მთაზე სალოცავი ააშენა. სალოცავის მშენებლობას დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირვებია, თუმცა, როგორც ჩანს, რწმენით შეუძლებლის გაკეთებაც კი ყოფილა შესაძლებელი. მას მერე, რაც სალოცავი აშენდა და სოფლის მოსახლეობამ მასში ლოცვა დაიწყო, ძიროვანს მამულიშვილი გაუმრავლდა.
ყოველი წლის მაისის ბოლო შვიდეულს ძველი სტილით შაბათ დღეს ძიროვნელებთან ერთად დანარჩენი ოკრიბელებიც აღნიშნავენ ცხრაჯვარობას. უკვე წლებია ამ დღესასწაულზე მრავალი მორწმუნე მიდის სალოცავზე და წყალობას შესთხოვს. სანთლებს ანთებენ და აღთქმის შესასრულებლად შესაწირსაც სწირავენ. ტრადიცია არც წელს დარღვეულა და 7 ივნისს ცხრაჯვარის სალოცავზე უამრავი მომლოცველი მივიდა. ამ დღეს ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა იოანე (კობახიძემ) მთის წვერზე პარაკლისი ჩაატარა და იქ მყოფი ყველა ადამიანი დალოცა.
დღესასწაულზე ყოველწლიურად ჩვენი კუთხე უამრავ სტუმარს მასპინძლობს. ტყიბულში ცხრაჯვარობას წელს საკმაოდ საპატივცემულო და წარმომადგენლობითი სტუმრები იმყოფებოდნენ. სალოცავისკენ მიმავალი გრძელი და რთული გზა ამ დღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ მეუღლესთან ერთად გაიარა. სალოცავზე ამ დღეს იმყოფებოდა ასევე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ცნობილაძე. მათ სალოცავზე სანთლები დაანთეს და ოკრიბელ ხალხს ცხრაჯვარობა ტყიბულის ყველაზე მაღალი ადგილიდან მიულოცეს.
თეონა ჯანელიძე