იმუშაო შახტში ნიშნავს, იყო ყველაზე რისკიანი, მამაცი, მშრომელი.. იყო პროფესიონალი, ყოველდღე იშრომო წარმოუდგენელ პირობებში, ემსახურო ქვეყენასდა შენს ქალაქს. მით უფრო თუ ამ სამუშაოს შესრულება ქალბატონს უწევს…
ლამარა ბერიანიძე ერთადერთი ქალია, რომელიც რამდენიმე მეტრის სიღმეზე ჩადის და რომლის შემოსავლის წყაროც შახტაა. ის უკვე 35 წელია შემართებითა და ერთგულებით ემსახურება მის საქმეს. ქალბატონი ლამარა `საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფში” უბნის მარქშეიდერად მუშაობს და კვირის მანძილზე ორჯერ მაინც ჩადის მიწის სიღრმეში. ყოველი ნაბიჯი ნახშირამდე მარქშეიდერებისაა, რადგან მათი წყალობით ხდება უშუალოდ გვირაბებისათვის მიმართულების მიცემა, გაყვანილი გვირაბების აგეგმვა და ნახაზების შედგენა. სწორედ მათი შრომის შემდეგ ხდება შახტის იმ უბნის გეგმის გაკეთება, საიდანაც შემდეგ მეშახტეები ნახშირს მოიპოვებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ლამარა ბერიანიძისთვის ინსტიტუტში ჩაბარებისას სამარქშეიდერო საქმე არასასურველი სპეციალობა იყო, მან ამ საქმიანობას ალღო მალევე აუღო და შეიყვარა კიდეც:
`სკოლის დასრულების შემდეგ სამი წელი ამაოდ ვაბარებდი ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. მესამე წელს ახლობლების რჩევით გადავწყვიტე თბილისში პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამარქშეიდერო საქმეზე ჩამებარებინა. ჩემთვის ეს სპეციალობა არაფერთან ასოცირდებოდა და ამიტომ ინტერესის გამო ჩავაბარე. ორ წელიწადში კარგად გავერკვიე და გადავწყვიტე სწავლისათვის თავი დამენებებინა, თუმცა დედამ ამის უფლება არ მომცა. ახლა ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი.
1981 წელს ინსტიტუტის დასრულებისთანავე განაწილებით ჩამოვედი ტყიბულის ყოფილი ორჯონიკიძის სახელობის შახტზე. თუმცა სანამ მუშაობას დავიწყებდი, ტყიბულის შახტში პირველად პრაქტიკაზე 1979 წელს ვიყავი. გულწრფელად გეტყვით, რომ შიშის გრძნობა არც მაშინ გამჩენია, უბრალოდ ძალიან გაკვირვებული ამოვედი.
სამარქშეიდერო საქმე საკმაოდ რთული პროფესიაა, რადგან მარქშეიდერი თავის საქმეს ისე ვერ გააკეთებს მიწის ზემოთ, თუ არ ჩავიდა მიწის ქვეშ. არის შემთხვევები, როდესაც 46 გრადუსამდე დახრილ გვირაბში გვიწევს ინსტრუმენტის დაყენება, სადაც მისი მაქსიმალური სიგანე მხოლოდ 1 მეტრი და 80 სანტიმეტრია. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩემი პროფესია ძალიან შემიყვარდა. ჩემი საქმე მაშინაც კი მენატრება, როცა შვებულებაში ვარ. შეჩვევა იცის შახტამ… თან როცა საქმე იცი, ბუნებრივია, ის გიყვარს. მე უკვე ვეღარ წარმომიდენია სხვა სამსახურში მუშაობა მიწის ზედაპირზე. რაც მთავარია, ვმუშაობ კოლექტივთან, რომლითაც ვამაყობ. ძალიან
დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ მეშახტეს, რადან ისინი უდიდესი გულწრფელობითა და პატივისცემით ელოდებიან ჩემს შახტაში გამოჩენას~, – გვითხრა ქალბატონმა ლამარამ.
პროფესიით მარქშეიდერი ქალბატონი მისთვის უჩვეულო საქმიანობითაც იყო დაკავებული. ის `ვეფხისტყაოსნის~ ხელნაწერის ერთ-ერთი შემქმნელია. გარდა ამისა მისთვის ჩანახატებისა და ლექსების წერაც ცხოვრების ჰობად იქცა. ასევე ქმნის ნახატებს ჰერბარიუმებისაგან:
`ვეფხისტყაოსნის გადაწერის იდეა დიდი ხნის წინ გამიჩნდა, მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი. სკოლაში ქართულს მასწავლიდა არაჩვეულებრივი პედაგოგი მარო ტყემალაძე, რომელმაც მთელი `ვეფხისტყაოსანი~ მერვე კლასში შეგვასწავლა. ისეთი გრძნობით გვიხსნიდა თითოეულ თავს, თითოეულ სტროფს, იმდენად მოგვწონდა, რომ კლასში ეს ნაწარმოები ყველამ კარგად ვიცოდით. მარო მასწავლებელი მოგვიყვა პირველად ხელნაწერ `ვეფხისტყაოსანზე~ და იმაზეც, რომ იყო სულ რამდენიმე ეგზემპლარი. მაშინ დავპირდი მე ჩემს პედაგოგს `ვეფხისტყაოსნის~ გადაწერას. ეს დაპირება დიდი ხნის შემდეგ ავასრულე. მისი გადაწერა 2005 წლიდან დავიწყე. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როცა შახტა თითქმის აღარ მუშაობდა, ამიტომ ფინანსურად მიჭირდა და გადასაწერად მხოლოდ ხუთი-ათი ფურცლის შეძენას ვახერხებდი. ასე წვალებით ერთი წელი ვქმნიდი ხელნაწერს. თუმცა მინდოდა, რომ ამ ხელნაწერის ასლი ჩემი შვილებისთვისაც გამეკეთებინა და ისევ უსახსრობის გამო ფურცლების შეძენას ვერ ვახერხებდი. 2006 წელს, როდესაც ტყიბულის შახტები `საქნახშირმა~ შეიძინა, ჩვენთან ახალი ხელმძღვანელობა დაინიშნა. მე მაშინდელ გენერალურ დირექტორთან, ლევან ქოჩქიანთან მივედი და ჩემი მდგომარეობა ავუხსენი. ბატონი ლევანი არც დაფიქრებულა ფურცლები ისე მომცა და ქსეროასლის გაკეთებაზეც დამეხმარა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მადლიერების ნიშნად `ვეფხისტყაოსნის~ ხელნაწერის ერთი ასლი ჩემი შვილების მსავსად, მისთვისაც მეჩუქებინა~, – გვიამბო ლამარა ბერიანიძემ.
წარმოშობით ახალგორიდან მყოფმა ქალბატონმა პროფესიასთან ერთად მეშახტეთა ქალაქიც შეიყვარა. ტყიბულში წამოსვლას და აქ მუშაობის დაწყებას სიხარულით მით უფრო შეხვდა, რადგან შეყვარებული იყო და ოჯახიც ამ ქალაქში შექმნა:
`მე ერთი რამ მჯერა… თუ იმით არ ხარ ბედნიერი რაც გაქვს, ვერასოდეს ბედნიერი ვერ იქნები. მე ვამბობ, რომ ბედნიერი ადამიანი და ქალი ვარ, რადგან მყავს ორი ქალიშვილი და ორი შვილიშვილი, მაქვს სამსახური, რომელიც მიყვარს. ვფიქრობ, რაც ავალია დედას, მე ეს გავაკეთე და შევძელი! მეტი რა უნდა მინდოდეს?!~
თეონა ჯანელიძე