მცირე ინციდენტის ფონზე დაიწყო 2 ივნისს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო შეხვედრა ტყიბულში. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივისტები მუნიციპალიტეტის თეატრის წინ ცოცხებით დახვდნენ და მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა, ადგილზევე იქნა მობილიზებული პოლიციაც.
მუნიციპალიტეტის თეატრის შენობაში შეკრებილ მხარდამჭერებს ამ დღეს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ “ნაციონალური მოძრაობის” ტყიბულის გამგებლობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო იქ შეკრებილ მოსახლეობას ასევე საქართველოს პარლამენტის უმცირესობის კიდევ ერთმა წევრმა პავლე კუბლაშვილმა. მათი განცხადებით, “ქართული ოცნება” არ მუშაობს, ხოლო მათი პოლიტიკური გუნდი კი ქვეყნის ერთად ამუშავებას შეეცდება. გარდა ამისა, კანდიდატების წარდგენისას ოპოზიციური ძალის წარმომადგენლებმა ისიც განაცხადეს, რომ იმ შეცდომებს აღარ დაუშვებენ, რასაც ადგილი ჰქონდა მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ტყიბულის გამგებლობისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ყოფილი გამგებელი ლევან დოხნაძე იბრძოლებს. დასახელებული ათი მაჟორიტარი კანდიდატიდან კი ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატად დავით ქათამაძე დასახელდა. ხოლო თემებისა და სოფლების მიხედვით კანდიდატები ასე გადანაწილდნენ:
საწირის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი _ ბესიკ კუბლაშვილი;
სოფელ მუხურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი _ შოთა აბესაძე;
ხრესილის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი _ დარეჯან ბუბაშვილი;
ორპირის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი _ ტარიელ ჭიქაბერიძე;
კურსების თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი _ ირაკლი აფრიდონიძე;
სოფელ ცუცხვათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი _ ჯემალ ობოლაძე;
გურნის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი _ გია არსენიძე;
სოჩხეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი _ ალექსანდრე ემნაძე;
ჯვარისის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი _ ვასილ ჩუბინიძე.
კანდიდატების მხარდასაჭერად ტყიბულში ამ დღეს ჩამოვიდნენ ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები გოგა ხაჩიძე და ზურაბ ჯაფარიძე.
თეონა ჯანელიძე