თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებულ N50-ე საარჩევნო ოლქში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის 16 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდადატია დარეგისტრირებული. 14 პოლიტიკური პარტიებიდან, ხოლო ორი სანიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი. კანდიდატებს შორის, 13 მამაკაცი და 3 ქალბატონია.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის არიან ცნობილი სახეები. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც არათუ პოლიტიკაში, მუნიციპალიტეტშიც არ იცნობენ. ისინი ამომრჩევლის გაცნობას მათთან შეხვედრებით, საინფორმაციო ბროშურების დარიგებითა და ქუჩაში გაკრული პლაკატების მეშვეობით ცდილობენ. ზოგიერთ კანდიდატს ამდრომდე საინფორმაციო კამპანიაც არ დაუწყია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: ირაკლი გვენეტაძე – საარჩევნო ბლოკი“პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“; ვლადიმერ ჩუბინიძე– პოლიტიკური გაერთიანება „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა(თქვენგან,თქვენთვის,თქვენთან ერთად“)“; ლაშა კლდიაშვილი – საარჩევნო ბლოკი“ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“; ოთარი კახიძე – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონული მოძრაობა“; გელა ჩივაძე – პოლიტიკური გაერთიანება „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქრთველოსთვის“; ხვიჩა წკეპლაძე – საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან -მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“; მერაბი ჭუმბურიძე – პოლიტიკური გაერთინება “შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტური პარტია“; ტერენტი ობოლაძე – პოლიტიკური გაერთიანება“საქართველოს კომუნისტური პარტია სტალინელები“(ივანე წიკლაური); ალექსანდრე ყიფიანი – საარჩევნო ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია“; გიორგი გიგაშვილი – პოლიტიკური გაერთიანება „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე – მემარცხენე ალიანსი“; რუსუდან გვენეტაძე – პოლიტიკური გაერთიანება „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“; ელგუჯა გოცირიძე – პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“; კახი კვატაია და ზაურ გურგენიძე საინიციატივო ჯგუფის მიერ არიან წარდგენილები.
„ოკრიბანიუსი“ შეეცადა დაკავშირებოდა ყველა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სხვადასხვა მეთოდით – სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო კავშირით….მიუხედავად ამისა, რამდენიმე კანდიდატის მოძიება და მასთან დაკავშირება ვერ შევძელით.
კანდიდატების ნაწილმა დროულად მოგვაწოდა ინფორმაცია, ნაწილმა კი, ამდრომდე არ გვიპასუხა.
XXX
საარჩევნო ბლოკი “პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ თერჯოლა ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი გვენეტაძეა (საარჩევნო ნომერი#1). იგი პარტიის საარჩევნო სიაში არ არის წარმოდგენილი.
გვენეტაძის საარჩევნო დაპირებაა – “არავითარი ტყუილი საარჩევნო დაპირება“.
XXX
საარჩევნო ბლოკიდან „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ თერჯოლისა და ტყიბულის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაშა კლდიაშვილია, რომელიც პარტიაში 71-ე ნომრადაა წარმოდგენილი. მისი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის ნომერია 3.
კანდიდატს პრობლემურ საკითხებად მიაჩნია: „სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან არამიზნობრივი თანხების ხარჯვა, რაც აუდიტის სამსახურის არაერთ აქტშია დაფიქსირებული. სოციალურად დაუცველი პირების ბედის ანაბარა მიტოვება. მოუწესრიგებელი გზები, ეზოები ლა ლიფტები“.
ლაშა კლდიაშვილი ამომრჩევლებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ჰპირდება. მისი თქმით, კერძო ინვესტიციის საფუძველზე, აშენდება ხილის გადამამუშავებელი ქარხანა.
დეპუტატობის კანდიდატი მეშახტეთა საშემოსავლო გადასახადის შემცირებას, მეშახტეთათვის საპენსიო ასაკის დაწევას, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ღირსეული პენსიის დანიშვნას გეგმავს.
XXX
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თერჯოლა-ტყიბულის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოთარ კახიძე პარტიულ სიაში მე-7 ნომრადაა წარმოდგენილი. მისი, როგორც კანდიდატის ნომერია #5.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში წარმოდგენილი ვარ მეშვიდე ნომრად. ზოგჯერ ოპონენტები ამბობენ, რომ რადგან ისედაც დეპუტატი გავხდები, აღარ არის საჭირო ჩემი მაჟორიტარად არჩევა. მაჟორიტარობა არა პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობაა. თერჯოლელებმა და ტყიბულელებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი მათი პრობლემების მოგვარებაზე და ვის უნდა ანდონ მათი ინტერესების წარმოდგენა ხელისუფლებაში, -“ აცხადებს კახიძე.
„ჩვენი გამარჯვების შემდეგ, მეწარმე, რომელსაც აქვს წლიური ბრუნვა 90.000 ლარამდე (საშუალოდ 245 ლარამდე დღეში) ჩაითვლება, მცირე ბიზნესად და სრულად გათავისუფლდება გადასახადისაგან. ასეთია თერჯოლასა და ტყიბულში მოქმედი მრავალი სასურსათო მარკეტი, ჯიხური, სილამაზის სალონი, თონე, მეორადი ტანსაცმლის მაღაზია და ა.შ. ეს შეღავათი საშუალებას მისცემს მცირე მეწარმეებს, მეტი დარჩეთ თავიანთი ოჯახებისთვის და მეტი ადამიანი დაასაქმონ,“ – აცხადებს კახიძე.
XXX
საარჩევნო ბლოკიდან „ჩვენები-სახალხო პარტია“ თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე ყიფიანია. მისი, როგორც მაჟორიტარი კანდიდატის ნომერია 23, პარტიულ სიაში არ არის წარმოდგენილი.
ალექსანდრე ყიფიანი შპს `ცხრაჯვარის“ დირექტორია. ორგანიზაცია საქართველოში ქართული ხორბლითა და ბუნებრივი საფუარით, ეკოლოგიურად სუფთა პურს აწარმოებს.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემურ საკითხებზე და მისი მოგვარების შესახებ საუბრობს: „დასაქმების დაბალი დონე, ახალგაზრდობის გადინება სამუშაოდ მეზობელ სახელმწიფოებში, მძიმე სოციალური ფონი, მოშლილი ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი გზები, რაც სასწრაფო და სპეცდანიშნულების მანქანების ადგილზე დაგვიანებით მისვლას იწვევს. რიგი სოფლები, პრაქტიკულად, უგზოობის გამო მიუვალია. გაზიფიკაციის პრობლემა, რის გამოც, გათბობისათვის ხე-ტყე ნადგურდება. მოუვლელი ტყის მასივები და `კოლხური ბზის~ დაავადება, რომელიც ანადგურებს საუკუნოვან მცენარეს და პატრონი არ ჩანს.
გასაახლებელია გამხმარი ხეები, წიწვოვანი და წაბლის ხის მასივები. მოუვლელი ჩაის პლანტაციები, დაუმუშავებელი მიწის ფართობები და ზოგადად, სოფლის მეურნეობის დაბალი მაჩვენებელი. არის პროფესიული სასწავლებლების დეფიციტი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიმცირე და მგზავრობის მოუხერხებელი გრაფიკები. განუვითარებელი ტურიზმი. ძველი მიტოვებული და მოუვლელი შენობები.
ამ პრობლემების გამო, თითქმის დაცლილი თემები და დაცარიელებული ქალაქი ტყიბული და თერჯოლა. საქართველოში ასეთი მოუვლელი და უყურადღებოდ მიტოვებული არცერთი რეგიონი არ არის, როგორც ოკრიბა. მოუწესრიგებელი განათება და ელექტრომომარაგების საკითხი. მოსაწესრიგებელია დასუფთავება, რის გამოც ბინძურდება ისედაც წყალმცირე მდინარეები და გარემო. ამ ყველაფერს სჭირდება მაშტაბური მზრუნველობა“, – აცხადებს კანდიდატი.
XXX
პოლიტიკური გაერთიანება „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორტარი დეპუტატობის კანდიდატია რუსუდან გვენეტაძე. იგი პარტიაში 50 ნომრად არის წარმოდგენილი, ხოლო მისი როგორც მაჟორიტარი კანდიდატის ნომერია 27 .
რუსუდან გვენეტაძე დაიბადა ქალაქ ტყიბულში. არის თსუ მედიცინის ფაკულტეტის სარეზიდენტო პროგრამა- „ლაბორატორიული მედიცინის“ დირექტორი; კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის პროფესორი; პროფესორთა აკადემიური საბჭოს წევრი, ლაბორატორიული სამსახურის უფროსი. ასევე „საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის საზოგადოების“ დამფუძნებელი. მუშაობს შ.პ.ს. „ზ.საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის“ ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ხელმძღვანელად. ეწევა სამეცნიერო პედაგოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობას.
„ვიზრუნებ, რომ ჩვენს მიწა-წყალზე არსებული ბუნებრივი რესურსებით მიღებული სიკეთე, პირველ რიგში, ადგილობრივ ბიუჯეტს მოხმარდეს, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უკეთეს ცხოვრებას.
ხელს შევუწყობ ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებას, რითაც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებს გაუადვილდებათ, როგორც სამეურნეო ტექნიკით სარგებლობა, ასევე სათესლე და სანერგე მეურნეობებთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.
ვიზრუნებ, რომ მაღაროელთა შრომის პირობები – სამუშაო დრო, სპეცტანსაცმელი, კვება, სამედიცინო მომსახურება, ტრანსპორტირება, გამართული ტექნიკით უზრუნველოფა – უსაფრთხო სამუშაო გარემო, შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების ნორმებს და იყოს მკაცრად კონტროლირებადი სახელმწიფოს მხრიდან. მაღაროელთა საპენსიო ასაკი უნდა განისაზღვროს 55-58 წლით“, – აცხადებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსუდან გვენეტაძე.
XXX
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქრთველოს” თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ექიმი, ქველმოქმედი და ბიზნესმენი ელგუჯა გოცირიძეა. პარტიულ საარჩევნო სიაში 103-ე ნომრადაა წარმოდგენილი. მისი, როგორც კანდიდატის ნომერია 41.
ელგუჯა გოცირიძე თერჯოლაში დაიბადა. საშუალო სკოლა კი ტყიბულში დამთავრა. გოცირიძე 1984-1986 წლებში, მუშაობდა ტყიბულის საავადმყოფოს ქირურგად. მომდევნო წლებში ჯერ ტყიბულის სამშობიაროს მთავარ ექიმად, შემდეგ კი ,,ჩაჩავას კლინიკის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა, სადაც დღემდე აგრძელებს საქმიანობას. განხორციელებული აქვს მნიშნელოვანი პროექტები ჯანდაცვის მიმართულებით. აქტიურადაა ჩართული სოციალურ პროექტებში. 2014 წლიდან, მისი ინიციატივით, სამედიცინო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს დაენიშნათ სახელობითი სტიპენდია.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს აქვს საკუთარი ხედვები თერჯოლაში და ტყიბულში არსებულ პრობლემებსა და მისი მოგვარების გზებზე. „თერჯოლასა და ტყიბულში პრობლემები საკმაოდ ბევრია, თუმცა, თუ ჩემს განვლილ ცხოვრებას გადახედავთ, დაინახავთ ცოდნით გაჯერებულ დაუღალავ პრაქტიკულ საქმიანობას. როცა ამას სიყვარულიც ემატება, ნებისმიერი პრობლემის მოგვარება ხდება შესაძლებელი“ , – აცხადებს ელგუჯა გოცირიძე.
გიორგი სულაძე,
„ოკრიბანიუსი“

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
tvitmartveloba2
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.