თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა პარტიის მხრიდან ჩაითვალა, რომ ელგუჯა გოცირიძის კანდიდატურა იქნებოდა უფრო შესაფერისი გაერთიანებული ოლქისთვის, – ამის შესახებ დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ელგუჯა გოცირიძეს პრემიერ-მინისტრის დიდი მხარდაჭერა აქვს.
”პირადი მიზეზებიც მაქვს, რის გამოც ვერ ვახერხებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. დიდ წარმატებას ვუსურვებ ელგუჯა გოცირიძეს. ვფიქრობ, ტყიბულში ”ქართულ ოცნებას” სერიოზული მხარდაჭერა აქვს. მე ელგუჯა გოცირიძის მხარდასაჭერადაც ვიყავი იქ ჩასული. მე ვრჩები ”ქართული ოცნების” წევრად და დამფუძნებლად, ასე რომ პოლიტიკურ აქტივობას არ გამოვრიცხავ, თუმცა ამ ეტაპზე ვაგრძელებ იმის კეთებას, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი, ლექციების ჩატარებას, პუბლიკაციების მომზადებას და ა.შ.”, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ და დასძინა, რომ მას განათლების მიმართულებით გარკვეული გეგმები აქვს.
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, მიიღო თუ არა მან ”ქართული ოცნებისგან” მაჟორიტარობის შეთავაზება, ჩაფიძემ უპასუხა, რომ პროცესი პარტიაში წარიმართა ისე, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე, გაიმართა კანდიდატურების განხილვა, მათ შორის ელისო ჩაფიძის კანდიდატურაც განიხილებოდა.
”ჩემი კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა შემდეგ გარემოებები შეიცვალა და პარტიის მხრიდან ჩაითვალა, რომ გოცირიძის კანდიდატურა უფრო შესაფერისი იქნებოდა გაერთიანებული ოლქისთვის, ვინაიდან ის არის თერჯოლელი და თერჯოლა უფრო დიდი ოლქია, ვიდრე ტყიბული. ჩემთვის ბუნებრივია, ეს არგუმენტი მისაღები იყო. გარდა ამისა, გოცირიძეს პრემიერის სერიოზული მხარდაჭერა აქვს და იმედია, ეს მომავალ არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარება”, – აღნიშნა ჩაფიძემ.
ელისო ჩაფიძემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ის თერჯოლასა და ტყიბულში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი იქნებოდა, თუმცა მოგვიანებით პარტიამ კანდიდატად სხვა დაასახელა.
„ინტერპრესნიუსი“ www.interpressnews.ge