თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფიქსირდება სახელისუფლებო რესურსის გამოყენება, მუქარა და დაშინება ამომრჩევლზე, მოსყიდვის ფაქტები. თუმცა ამ საკითხებზე ხმამაღლა საუბარი რესპოდენტთა უმეტესობას არ სურს.
პირად საუბარში პიროვნებებს და კონკრეტულად ფაქტებს თამამად ასახელებენ, თუმცა გვთხოვენ, მათი ვინაობა არ გავამჟღავნოთ, რადგანაც შიში აქვთ, რომ პრობლემები შეექმნებათ. ამიტომ გავითვალისწინეთ მათი თხოვნა და რესპოდენტების ვინაობას არ ვასახელებთ.
ჩვენ ასვე გავესაუბრეთ მაჟორიტარი კანდიდატების საარჩევნო შტაბების წარმომადგენლებს ტყიბულში და შევეცადეთ გაგვერკვია ხდებოდა თუ არა მუშაობაში ხელისშეშლა და მათ მხადრამჭერებზე მუქარა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.
კახი კვატაია ერთ- ერთი დამოუკიდებელი კანდიდატია თერჯოლა- ტყიბულის მაჟორიტარულ ოლქში. როგორც შტაბის ხელმძღვანელმა, შალვა თაქთაქიშვილმა გვითხრა, ამომრჩევლებთან შეხვედრა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„რესპუბლიკურ პარტიას“ თერჯოლისა და ტყიბულის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ ჰყავს და ისინი მხოლოდ პარტიის ინტერესებისათვის იბრძვიან. ამიტომ მათი წინასაარჩევნო მუშაობაც უკომფლიქტოდ მიმდინარეობს- აცხადებს შტაბის წევრი ბორის გაბრიაძე.
„ეროვნული ფორუმის“ შტაბში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მაია კლდიაშვილის მხარდასაჭერად მუშაობენ. როგორც შტაბის ხელმძღვანელი ანა ხორხომელიძე ამბობს, მათი მომხრეების და შტაბის წევრების მიმართ, ხელისშეშლასა და მუქარას ადგილი არ ჰქონია. თუმცა ღამის საათებში ხევენ და აზიანებენ მათი კანდიდატის სარეკლამო პლაკატებს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი სოფელი მუხურა ამომრჩეველთა სიმრავლით გამოირჩევა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მუხურის შტაბის წევრები და მათი მხარდამჭერები ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლების მხრიდან ამომრჩევლების მიმართ მუქარაზე გვესაუბრნენ, თუმცა ვინაობის გამხელა არ ისურვეს.
სხვებისგან განსხვავებით, თამამად საუბრობს და ვინაობას არ მალავს სოფელ მუხურის მკვიდრი, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის კოორდინატორი მევლუდ ჯიხვაშვილი. მისი თქმით, სოფლის რწმუნებული ზაზა ყვავაძე და დეპუტატი მუნიციპალიტეტის საკრებულოში როლანდ არსენაშვილი, მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ არ მივიდნენ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეხვედრაზე, თორემ სოციალურ დახმარებას მოუხსნიან.
ჯიხვაშვილი ამბობს, რომ მისი პოლიტიკური საქმიანობა გახდა მიზეზი იმისა, რომ მის სახლამდე მისასვლელი გზა სოფლის ხელმძრვანელი პირების დავალებით მოუხრეშავი დატოვეს. მისი ოჯახი გარიყეს და მათ სახლამდე სასწრაფოც ვერ მიდის,როგორც თავად გვითხრა ის და მისი მეუღლე ინსულინზე დამოკიდებულები არიან და ხშირად საჭიროებენ ექიმის დახმარებას. სახლი მეწყერსაშიშ ზონაშია, მან დახმარებისათვის განცხადებით მიმართა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, კომისიამ შეამოწმა კიდეც, მაგრამ სოფლის რწმუნებულის გავლენით, უარი უთხრეს და დახმარებაც ოპოზიციაში ყოფნის გამო, მოუხსნეს.
„დემოკრატიული მოძრაობა- ნინო ბურჯანაძეს“ ტყიბულის სარჩევნო შტაბში კოტე ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ თერჯოლაში მათი შტაბის წევრ, დალინა ხუჭუაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხრიდანბადგილი ჰქონდა მუქარისა და მოსყიდვის მცდელობას.
ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით დალინა ხუჭუას და ამ ფაქტის შესახებ გავესაუბრეთ. დალინა ხუჭუამ გვითხრა, რომ რამდენიმე წელი „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო და შტაბში მუშაობდა. მას შემდეგ, რაც პარტიამ მათთვის მიუღებელი კანდიდატი წარადგინა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი თავის მეგობრებთან ერთად დატოვა და „დემოკრატიულ მოძრაობას“ შეუერთდა.
როგორც ხუჭუა ამბობს, სამი შვილის დედამ, ბაგა-ბაღში მუშაობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დახმარებით დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარტია დატოვა, სამსახურიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე-მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, გაათავისუფლა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, თეიმურაზ ჯაფარიძემ.
„ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება თერჯოლა -ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელგუჯა გოცირიძის დავალებით მოხდა, რადგან უარი ვუთხარი მის მიერ შემოთავაზებულ საკმაოდ დიდი ოდენობის თანხის აღებაზე. გოცირიძე მთავაზობდა ერთ-ერთი ჩემი მეგობრის, ივა ჩუბინიძის დაჭერაში დავხმარებოდი. ასევე მე და ჩემი მეგობრები დავბრუნებულიყავით „ქართულ ოცნების“ შტაბში სამუშაოდ, რის სანაცვლოდ, საკმაოდ დიდი თანხა შემომთავაზა, რაზეც უარი განვუცხადე. ამის შემდეგ, მოხდა ჩემი სამსახურიდან განთავისუფლება,“- განაცხადა დალინა ხუჭუამ.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ტელევიზიები და პროკურატურა .
დალინა ხუჭუას დაშინების ფაქტის შესახებ, თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო ბლოკ „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობიდან“, ლაშა კლდიაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს,-„დაშინების ფაქტზე,რომელიც ჩვენს მხარეზე გადმოსულ ოცნების მხარდამჭერ-დალინა ხუჭუაზე განხორციელდა, 27 სექტემბერს თერჯოლის პოლიციამ გამოკითხვის ოქმი შეადგინა, გადაიღო მაგთიდან ამონაწერი და ტელეფონზე დაფიქსირებული ნომერი, რომელიც ეკუთვნის ოცნების მაჟორიტარ კანდიდატს ბ-ნ ელგუჯა გოცირიძეს. ველოდებით, რამდენი დღე მოუნდებიან ამ ზარის იდენტიფიკაციას, რაც 2 საათშია შესაძლებელი!“
პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საუბრობს ტყიბულის „მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის“ ყოფილი დირექტორი, მაია კუზნეცოვა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე, გაათავისუფლა.
როგორც კუზნეცოვა აცხადებს, მან ხელოვნების სკოლის დარბაზი იჯარით დაუთმო პაატა ბურჭულაძეს მოსახლეობასთან შესახვედრად, რაც გამგებელთან წინასწარ ჰქონდა შეთანხმებული. თუმც შეხვედრის შემდეგ, ამის გამო უსაყვედურეს და სამსახურიდანაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მალევე გაათავისუფლეს.
კუზნეცოვამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, რობიზონ გვენეტაძის წინააღმდეგ და იმედია აქვს, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
ლელა ზარნაძე
„ოკრიბანიუსი“
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.