საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბი ჰყავს. გუნდს ამიერიდან ირაკლი ცირეკიძე უხელმძღვანელებს,
მის შტაბში კი მინდია ბოდაველი, გურამ მოდებაძე, გიორგი გუგავა და გიორგი ბაინდუროვი იმუშავებენ.
ამის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაცია იუწყება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ეროვნულ ნაკრებში მთავარ მწვრთნელად ირაკლი უზნაძე მუშაობდა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა რიო დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ვიცე-ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი გახდა, ბრინჯაო კი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა. შედეგად, თამაშებზე ქართველ ძიუდოისტთა არასახარბიელო შედეგების გამო მწვრთნელის ცვლილების საჭიროებაზე საუბარი აქტიურად დაიწყო.
ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე მთავარ ნაკრებში 2012 წელსაც მუშაობდა, ბოლოს კი მინდია ბოდაველთან ერთად, ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა.
ინტერნეტ გამოცემა www.sportall.ge -ს ინფორმაცია