რეგიონული მედიის ასოციაციამ GRMA აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გამართა.
„კარტლის აგროსისტემების“ გორის ფერმერთა ცენტრში „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციამ“ ჟურნალისტებსა და ფართო პუბლიკას აგროჟურნალისტიკის გზამკვლევი წარუდგინა,
რომელიც რეგიონული მედიის ასოციაციის წევრებისათვის, როგორც სახელმძღვანელო მომზადდა და მიზნად ისახავს დახმარება გაუწიოს სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე, ან და ამ სფეროთი დაინტერესებული მედიის წარმომადგენლებს.
აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელო არის ერთიანი პროექტის ნაწილი, რომელიც განხორციელდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy corps-ის მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის GRMA, საქართველოს მაუწყებელთა ასოციაციისა GARB და ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან JRC პარტნიორობით.
„სახელმძღვანელო პირველი მცდელობაა ქმედითი და ეფექტური დახმარება გაუწიოს მედიის წარმომადგენლებს, თავი მოუყაროს ჟურნალისტებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სახელმძღვანელოს ავტორები არიან პრაქტიკოსი ჟურნალისტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებთან და სფეროს ექსპერტებთან ერთად,“– აღნიშნავს საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მამულაშვილი.
სახელმძღვანელო მოიცავს შემდეგ თემებს: აგროჟურნალისტიკა, აგრონიმიის საფუძვლები ჟურნალისტებისთვის, აგროკალენდარი, ვეტერინარია, სურსათის უვნებლობა და DCFTA, მედია ტექნოლოგია აგრობიო მრავალფეროვნების საჩვენებლად, მინდვრიდან სუფრამდე პროცესის გაშუქება, მეცხოველეობის გაშუქება და სხვა. სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია ასოციაციის ვებ-ვერდზე, grma.ge-ზე განთავსდება.
აღსანიშნავია, რომ აგროჟურნალისტიკის მიმართულებით შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy Corps-ის მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის ხელშეწყობით საქართველოს უნივერსიტეტებში სოფლის მეურნეობის გაშუქების სასწავლო კურსის დანერგვა მიმდინარეობს. 6 სასწავლებელში აგროჟურნალისტიკა სასწავლო კურიკულუმში უკვე ინტეგრირდა, ხოლო პრაქტიკოსი ჟურნალისტებისათვის გზამკვლევი მომზადდა.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორგნიზაცია ხელს უწყობს ადგილობრივი პარტნიორების ინიციატივებს ისეთი საკითხების გარშემო, რომლებიც სოფლის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს და მიზნად ისახავენ თავიანთი მცდელობებით განავითარონ ეს სფერო. ამიტომ აგროჟურნალსტიკის გზამკვლევის გამოცემას მხარი დავუჭირეთ. იმედია რეგიონული მედიის ჟურნალისტებისათვის ეს გზამკვლევი კარგი დამხმარე აღმოჩნდება, ვფიქრობთ, გზამკვლევი ხელს შეუწყობს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში აგრო მიმართულებით უკეთესი მედია პროდუქტის შექმნას,” – ამბობს ნონა სამხარაძე, Mercy Corps-ის მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის წარმომადგენელი.
აგროსფეროში რეგიონული მედიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება პარტნიორმა კომპანია „კარტლის აგროსისტემების“ გენერალურმა დირექტორმა რობერტ რევიამ. სწორედ ეს ორგანიზაცია გაუწევს მხარდაჭერას „რეგიონული მედიის ასოციაციის“ ჟურნალისტებს აგრო ექსპერტების მოძიებასა და მიაწვდის ინფორმაციას სოფლის მეურნეობის დარგში მიღწეული ინოვაციების შესახებ.
„ჩვენი კომპანია ორიენტირებულია ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის სოფლის მეურნეობის წარმოებაზე. ჩვენს აგრო წარმოებას ახალი ცოდნა და ტექნოლოგიების დანერგვა სჭირდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი მედიის როლი. ჩვენ ვხედავთ, რომ აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელოც ამ მნიშვნელოვანი როლის შესრულებისკენ არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ამიტომაც ვითანამშრომლებთ „რეგიონული მედიის ასოციაციასთან,“ – განაცხადა რევიამ.