აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოითხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.
აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ. აქ მათ მაცხოვარი გამოეცხადათ, რომელმაც შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, არ გაშორებოდნენ იერუსალიმს.
საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ გამოიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებშ გაუჩინარდა.
ამაღლების დღესასწაულზე ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. ამ დღეს ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურება მამა გაბრიელმა ჩაატარა.
თეონა ჯანელიძე