ცოტახნისწინ ცნობილი გახდა რომ ტყიბულელმა მეშახტეება სასამართლოდან სარჩელი გამოიტანეს რომელიც კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ წინააღმდეგ ჰქონდათ შეტანილი. ამსაკითხზე კომენტარი „საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირების“ თავჯდომრეს თამაზ დოლაბერიძეს ვთხოვეთ. პროფკავშირის ხელმძღვანელის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია 2016 წლის თებერვლის თვეში ტყიბულელი მეშახტეების მიერ გაფიცვა იქნა წამოწყებული, რომელიც გამოწვეული იქნა, მეშახტეების სურვილებზე და მოსაზრებებზე დაყრდნობით პროფკავშირის მიერ მომზადებული და კომპანიის კანცელარიაში შეგზავნილი წერილის, მაშინდელი გენერალური დირექტორის მხრიდან უგულვებელყოფამ და იგნორირებამ. წერილის საშუალებით პროფკავშირი კომპანიის ადმინისტარციას იმ შრომით-სამართლებრივი პრობლემების შესახებ ატყობინებდა, რომლებიც შახტაზე არსებობდა მაგ დროისთვის და მათი აღმოფხვრის მიზნით კოლექტიური მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობდა.
გაფიცვის დასრულებისთანავე მეშახტეების ერთი ნაწილის, 29 ადამიანის თხოვნით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული იქნა სასარჩელო განცხადება, რომლითაც მეშახტეები ითხოვდნენ კომპანიასა და პროფკავშირს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებას, კერძოდ, კომპანიამ მაშინ ვალდებულება აიღო, რომ ყოველ წელს მოახდენდა ხელფასების ინდექსაციას საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მაჩვენებლის შესაბამისად, თუმცა ეს ვალდებულება მან არ შეასრულა.
გაფიცვის შემდეგ შეიცვალა კომპანიის გენერალური დირექტორი, რომელსაც დასაქმებულებთან ურთიერთობების აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდები გააჩნია ვიდრე მის წინამორბედს. მისი მეთოდები გაცილებით ღია აღმოჩნდა და სოციალური დიალოგის და წამოჭრილი მიმდინარე ან დაკონსერვებული პრობლემების მოლაპარაკებების გზით გადაჭრის შესაძლებლობა გაჩნდა. მეშახტეების თქმით ახალი გენერალური დირექტორის მოსვლის შემდეგ არაერთი სასიკეთო ცვლილება მოხდა შახტებზე შრომის პირობების, ეკოლოგიური მდგომარეობის, საწარმოს გადაიარაღებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ამაღლებასთან დაკავშირებით. გარემონტდა საყოფაცხოვრებო ბლოკები და სველი წერტილები, ასევე ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაციული კორპუსი, სადაც გარდა ადმინისტრაციის წარმომადგენლების სამუშაო კაბინეტებისა, განთავსებულია გასახდელები, საშხაპეები და კვების ობიექტი. გამამდიდრებელი ფაბრიკის მიმდებარედ გაიწმინდა მდინარის კალაპოტი და აღმოიფხვრა საწარმო ნარჩენების მდინარეში მოხვედრის შესაძლებლობა. ქალაქის დამტვერიანების შესამცირებლად დაიწყო გამამდიდრებელი ქარხნის გვერდით მდებარე ნარჩენების რეგულარული დანამვა და პარალელურად ამ ნარჩენების მეორადი გადამუშავება, რაც კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით იმას ნიშნავს რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ნარჩენების დიდი გროვა აღარ იარსებებს. მეშახტეები ასევე ერთხმად აღნიშნავენ იმასაც, რომ გეგმის შესრულებისა და მასთან ხელფასის შესაბამისობის დადგენის პროცედურა აშკარად გაუმჯობესდა და ეგრედწოდებული ,,ნარიადი“ უფრო მაღალი ტარიფით დგინდება.
თუმცა ამ დროს მოქმედებაში მოვიდა პროფკავშირების მიერ მეშახტეების სახელით შეტანილი სასამართლო დავის პროცესი და კომპანიის ადმინისტრაციამ მიიღო სასარჩელო განცხადების ეგზემპლიარი და როგორც წესი სასამართლოს მიერ დაევალა შესაგებელის მომზადება. სასამართლო სარჩელზე უარის თქმის და ურთიერთობის პარტნიორულ რეჟიმში გაგრძელების შეთავაზებით გენერალურმა დირექტორმა დაიწყო მოსარჩელე მეშახტეებთან ინტენსიური შეხვედრები. მოსარჩელეთა ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული საქმეების გამო წარმოშობილი კეთილგანწყობის გამო, ხოლო ნაწილი მოერიდა ურთიერთობის გამწვავებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ მათი შრომის კონტრაქტები არ ატარებენ განუსაზღვრელვადიანი კონტრაქტის სტატუსს და შესაძლებლად მიიჩნიეს კომპანიის მხრდიან შრომითი ურთიერთობების დასრულების საფრთხის არსებობა.
იქიდან გამომდინარე, რომ მეშახტეების მიერ სარჩელზე უარის თქმის ფაქტმა ზრდადი ტენდეციური ხასიათი მიიღო, სარჩელზე უარის თქმის სანაცვლოდ, კომპანიის ადმინისტრაციისთვის, მეშახტეებისთვის დამატებითი ბენეფიტების დაწესების შეთავაზების მიზნით, 2016 წლის 16 აგვისტოს პროფკავშირების მიერ მოხდა გენერალური დირექტორისა და მოსარჩელე მეშახტეების ერთობლივი შეხვედრის ორგანიზება.
შეხვედრაზე პროფკავშირის მიერ წარმოდგენილი იქნა ახალი წინადადება: ,,სარჩელზე უარის თქმის სანაცვლოდ კომპანია მეშახტეებს წელიწადში ოთხჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ სადღესასწაულო დღეებში, სავარაუდოდ აღდგომის, მარიამობის, გიორგობისა და ახალი წლის დღესასწაულებზე, დაურიცხავს 50 ლარიან ფულად საჩუქრებს. გენერალური დირექტორის თქმით ეს კომპანიის ხარჯების ზრდას გამოიწვევს 300 000 ლარით წელიწადში, რაც შეუძლებლად არ მიაჩნია, თუმცა აუცილებელია, რომ ეს პროექტი შეთანხმდეს კომპანიის აქციონერებთან, რისი პასუხიც მას ეცოდინებოდა აგვისტოს ბოლოს.
მიმდინარე წლის 7 სექტემბერს მოხდა პროფკავშირის ლიდერებსა და გენერალურ დირექტორს შორის სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია, რომლის დროსაც მან განაცხადა, რომ ჰაიდელბერგცემენტმა შეამცირა შესყიდვები და ნაცვლად 240 000 ტონისა, შეიძენს 210 000 ტონა ქვანახშირს, რაც კომპანიის შემოსავლებს 11%-ით ამცირებს. მიუხედავად ამისა კომპანიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება სასკოლო სწავლების დაწყებისთვის, იმ მეშახტეთა ოჯახებს, რომელთა ბავშვები სკოლაში სწავლობენ საჩუქრად გადასცემენ ჩანთებს და სხვა საჭირო აღჭურვილობას, რაც საერთო ჯამში თითოეულ ბავშვზე 75 ლარის დანახარჯი იქნება და ამავე დროს მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მეშახტეები საახალწლოდ მიიღებენ საჩუქარს ან გარკვეული ოდენობის თანხას.
გენერალური დირექტორის თქმით ჯერჯერობით ამაზე მეტი ბენეფიტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია და იმედს იტოვებს, რომ მეშახტეები ამ ფაქტს გაგებით მოეკიდებიან და ურთიერთობები ასევე პარტნიორულ რეჟიმში გაგრძელდება, რაც სამომავლოდ უფრო მეტის მიღწევის შესაძლებლობას გააჩენს.“ აცხადებენ „საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირებში“.