ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია PIN-ის სოციალური პროექტის ფარგლებში, მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, ტყიბულის ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის TDDF“ წარმომადგენლებმა, 20 დან 25 ნოემბრის ჩათვლით მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის რესპუბლიკაში ქალაქ პრაღაში გამართულ სასწავლო ვიზიტში.
ვიზიტის ფარგლებში 16 მონაწილეს ტყიბულის, ხონის, გორის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან, ასევე PIN-ის სათემო კოორდინატორებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ჩეხეთში არსებულ სოციალურ სისტემას. საბჭოს წევრებს გამოცდილება გაუზიარეს სოციალური სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, რომლებიც 10 წელზე მეტია ახორციელებენ ბენეფიციარების (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალურად დაუცველები, უსახლკარო ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი ადამიანები, ნარკოდამოკიდებულები) საჭიროებებზე მორგებულ სხვადასხვა სერვისებს: შინ მოვლა, უნარ-ჩვევების განმავითარებელი ტრენინგ-კურსების შეთავაზება, პროფესიული განათლება, სოციალური საწარმოს დაფუძნება/დასაქმება და სხვ. გარდა ამისა, მონაწილეები შეხვდნენ PIN-ის სოციალური ინტეგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს და ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ბატონ შიმონ პანეკს, რომელმაც ისაუბრა PIN-ის მიერ 1992 წლიდან გავლილ გზაზე. ბატონმა შიმონმა მონაწილეებს გააცნო ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები, ძირითადი ღირებულებები, რომელზე დაყრდნობითაც PIN-მა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი გაანხორციელა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში.
„კომუნიზმის დასასრული დასაწყისი იყო დიდი ტრანსფორმაციისა და ჩვენ ეს გზა წარმატებით გავიარეთ. ახლა გვინდა ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია და ამიტომაც გვაქვს შესაძლებლობა ბევრად ახლოს ვიდგეთ იმ კონკრეტულ ადამიანებთან, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს პირდაპირი გზით მივცემთ შემწეობას, ჩვენ ვქმნით პირობებს, გარემოს, სერვისებს, რომ ადამიანებმა იგრძნონ შეღავათი,“ – გაანცხადა შიმონ პანეკმა.
ჩეხეთში მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანი წინაპირობაა სოციალური სერვისების განვითარებისთვის მუნიციპალიტეტებში. სასწავლო ვიზიტის მონაწილეები გამოთქვამენ მზადყოფნას მიღებული ცოდნა დანერგონ მომავალ საქმიანობაში და ამით ხელი შეუწყონ მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებას.