ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა საჭადრაკო სკოლაში ქალაქის პირველობა ჭარდაკში. მასში მონაწილეობას რვა და ათ წლამდე მოჭადრაკეები იღებდნენ.რვა წლამდე მოჭადრაკეთა შორის ტურნირზე 19 მოსწავლე ასპარეზობდა, ხოლო ათ წლამდე ასაკის მოასპარეზეთა რაოდენობამ 9 მოჭადრაკე შეადგინა. ქალაქის პირველობაზე მონაწილეობა მიიღეს ასევე ორპირის საჯარო სკოლის საჭადრაკო სექციის მოსწავლეებმაც. საკმაოდ საინტერესო და დაძაბული თამაშების შედეგად ტურნირში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.
რვა წლამდე მოჭადრაკეთა შორის პირველი ადგილი გიგა სოხაძემ არავის დაუთმო, მეორე ადგილი რეზო ჩაფიძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე კი გიორგი ჭიჭიკოშვილი გავიდა.
უნდა აღინიშნოს, რომ პირველი საპრიზო ადგილის მფლობელმა გიგი სოხაძემ მიმდინარე წელს კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა. ქუთაისში გამართულ იმერეთის ჩემპიონატზე მან ერთი წლით უფროსი ასაკის ბავშვებში იასპარეზა და მესამე ადგილზე გავიდა. გიგა ამასთანავე არის მესამე თანრიგის მფლობელიც.
ათ წლამდე მოჭადრაკეთა შორის ტურნირზე ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველ ადგილზე თიკა მესხორაძი გავიდა, მეორე ადგილი ნიკა რიჟამაძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი კი საბა ფართლაძეს ხვდა წილად. ყველა პრიზიორი ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციამ შესაბამისი ხარისხის მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
ქალაქის პირველობა ჭადრაკში ყოველწლიურად იმართება და იგი ტრადიციულად გაზაფხულზე ტარდება.
თეონა ჯანელიძე