ტყიბულის ჰიმნით გაიხსნა 26 მაისს ღონისძიება, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. კონცერტი ამ დღეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქის ვოკალურმა და ქორეოგრაფიულმა კოლექტივებმა. ქართული ჟინისა და სულის გამოძახილი იყო ამ დღეს “ცხრაჯვარის” დიდი და პატარა თაობის მოცეკვავეების, ქორეოგრაფიული სტუდიის ანსამბლების “სიჭაბუკისა” და “მანდილის”, ასევე თეატრთან არსებული ანსამბლ “ოკრიბას” მიერ შესრულებული ცეკვები. სამშობლოსა და ქვეყნის სიყვარულს მიუძღვნეს რამდენიმე სიმღერა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ვაჟთა მომღერალთა ანსამბლმა “იმედმა”.
ღონისძიებას უამრავი მაყურებელი დაესწრო, მათ შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ცნობილაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სხვა წარმომადგენლები. ელისო ჩაფიძემ ტყიბულელებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სცენიდან მოულოცა. 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიმბოლური იყო ასევე მერაბ კოსტავას გახსენება. კონცერტი ამ დღეს ლევან ხაბურზანიას მიჰყავდა.
სპეციალურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 26 მაისს ჩვენს ქალაქში თურქეთიდან ქალაქ ინეგოლის ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. მათთან ერთად ჩამოვიდა ანსამბლი “ჩვენებურები”. მათ მიერ შესრულებულმა ქართულმა ცეკვებმა დარბაზში მაყურებლის დიდი ემოცია და აპლოდისმენტები გამოიწვია.
ემოციებით დატვირთული იყო ასევე ღონისძიების დასკვნითი ნაწილიც. მუნიციპალიტეტის თეატრის სცენიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ტყიბულელებს ინეგოლის მერის მოადგილემ მიულოცა. მან ასევე სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. თუმცა თურქეთიდან ჩამოსულ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ასევე ადგილობრივმა თვითმმართველობამაც. ანსამბლ “ოკრიბას” წევრებმა “ჩვენებურების” მოცეკვავეებს კი სიმბოლურად დედა ენის სახელმძღვანელოები დაურიგეს.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზატორები გამგეობის კულტურის სამსახური და მუნიციპალიტეტის თეატრი იყო. კონცერტი ამ დღეს საქართველოს ჰიმნის ფონზე დასრულდა.