ტყიბულიდან სოფელ მუხურის მიმართულებით საავტომობილო გზა თითქმის ერთი კვირაა დიდთოვლობის გამო დაკეტილია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მუხურის მთაზე რამდენიმე მეტრი თოვლი დევს და გზის გაწმენდა რთული კლიმატური პირობების გამო ვერ ხერხდება.
მათივე ინფორმაციით, სოფლის ტრაქტორი, რომელიც მთაზე გზას წმენდდა, თოვლში ჩარჩა და ამ დრომდე ვერ პოულობენ.
სოფელთან დაკავშირება მხოლოდ შემოვლითი გზით არის შესაძლებელი თერჯოლის რაიონიდან, ისიც მაღალი გამავლობის ავტომანქანებით. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა თერჯოლის რაიონიდან ახერხებს მოსვლას სოფლამდე და შემდეგ ადგილობრივების დახმარებით აღწევენ გამოძახების ადგილამდე.
მუხურაში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა. მოსახლეობის ინფორმაციით, ამ დრომდე არ გაწმენდილა შიდა სასოფლო გზები და გადაადგილება უბნებში პრობლემატურია. ადგილობრივების განცხადებით, რთული კლიმატური ვითარების მიუხედავად სოფელში ელექტროენერგია არ გათიშულა, რისთვისაც „ენერგოპროჯორჯიას“ მადლობას უხდიან, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება არ კითხულობს სოფელი რა მდგომარეობაშია.