ტყიბულში, გაბრიაძის ქუჩაზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარადა და მასში მყოფი 30 წლამდე ასაკის მამამკაცი ადგილზე დაიღუპა.
როგორც „ოკრიბანიუს“ ტყიბულის ჰოსპიტალში განუცხადეს, ავტოავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საშუალო სიმძიმის დაზიანებებით, ტყიბულის ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. დაღუპულის ცხედარი კი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ოკრიბანიუსს“ განუცხადეს, რომ ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი მამაკაცი და ერთი მამაკაცი დაშავებულია მსუბუქად.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.